“გამარჯვებული საქართველოს” ლიდერის, ირაკლი ოქრუაშვილი მის პატიმრობას სოციალურ ქსელში ეხმიანება.
როგორც ოქრუაშვულმა “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე დაწერა, პრობლემა მისთვის პატიმრობის შეფარდება კი არაა, არამედ ის, რომ ქვეყანა 90-იან წლებში ბრუნდება.
ოქრუაშვილის თქმით, როდესაც ქვეყანა საგარეო დაფინანსებაზეა დამოკიდებული და ამ დროს ხელისუფლება ელჩების წინაშე გაფორმებულ შეთანხმებას არღვევს, სიტუაცია უარესობისკენ შეიცვლება.
“პრობლემას ვერც იმაში ვხედავ რომ ციხეში ვარ და ვერც იმაში, რომ ივანიშვილის დავალებით 5 წელი მომისაჯეს სრულიად უსამართლოდ. პრობლემა იმაშია, რომ ქვეყანა 90-იანი წლების დონის გაღატაკების ზღვარზე აღმოჩნდება უახლოეს 2-3 თვეში. მთლიანად დამოკიდებული ვართ საგარეო ფინანსურ დახმარებაზე ამერიკისა და ევროკავშირისგან და ამ დროს, ამ ქვეყნების ელჩების წინაშე გაფორმებულ შეთანხმებას არღვევ და მათ წინაშე აღებულ ვალდებულებებს არ ასრულებ. თუ ვინმეს ჰგონია, რომ ივანიშვილის “კაპეიკებით” ამოვალთ ამ წლის ეკონომიკური პრობლემებიდან, ძალიან ცდება,”- განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა.
საქართველოში აშშ-ის საელჩო “გამარჯვებული საქართველოს” ლიდერის, ირაკლი ოქრუაშვილისთვის 5-წლიანი პატიმრობის შეფარდებას გამოეხმაურა და სასამართლოს გადაწყვეტილებას პოლიტიკური უწოდა. საელჩომ საქართველოს მთავრობას მოუწოდა, შეასრულოს 8 მარტის შეთანხმება, რომელიც პოლიტიკური ნიშნით სასამართლო პროცესების თავიდან არიდებას ემსახურება.
შეგახსენებთ, 20 ივნისის საქმეზე ირაკლი ოქრუაშვილს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა. გამოძიება ირაკლი ოქრუაშვილს 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით მასობრივი ძალადობის ორგანიზებაში, ხელმძღვანელობასა ან მონაწილეობაში სდებს ბრალს.