ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“პირობა დაარღვიეთ, შეთანხმების წინააღმდეგ ირაკლი ოქრუაშვილი დააპატიმრეთ” – გოცირიძე მთავრობას

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, რომან გოცირიძემ, პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განცხადება გააკეთა. მისი თქმით, პარტია საარჩევნო სისტემის შეცვლის მიზნით მომზადებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს არ დაუჭერს. რადგან ხელისუფლებამ პირობა დაარღვია და ირაკლი ოქრუაშვილს პატიმრობა მიუსაჯა.

„კრიტიკა და მითითება თანამშრომლობის ფორმაა. ბევრ რამეს ოპოზიცია გაიძულებთ და ნუ ჩათვლით, რომ ეს არის მორატორიუმი კრიტიკაზე, რადგან ასეთი მძიმე ვითარებაა. მით უმეტეს, ბიუჯეტის ფულით საარჩევნო კამპანია დაიწყეთ. განაცხადეთ, მადლობა მაჟორიტარებსო, მათ ეს გააკეთეს, ბიზნესის მიერ ბიუჯეტში შემოტანილი ფულით. რაც შეეხება თანამშრომლობის გაგრძელებას, თქვენ დაარღვიეთ ყველა ადამიანური წესი, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად ერთ მაგიდასთან მსხდომმა ხელი ჩამოვართვით ერთმანეთს და დავიწყეთ საკონსტიტუციო ცვლილებები. თქვენ, ბატონო თავმჯდომარევ, ორი დღის წინ სიამაყით განაცხადეთ, რომ საკონსტიტუციო ცვლილელებს საგანგებო მდგომარეობის მიუხედავად, ჩაატარებთ და გაიტანთ. უკვე ჩვენ მხარს ვერ დავუჭერთ, რადგან პირობა თქვენ დაარღვიეთ. დღეს, შეთანხმების წინააღმდეგ ირაკლი ოქრუაშვილი დააპატიმრეთ, ადამიანი ციხეში ჩასვით. თქვენმა პროკურატურამ და ყურმოჭრილმა სასამართლომ ორგანიზატორობაც კი ვერ დაუდასტურეს, „მონაწილეობისთვის“ მიუსაჯეთ. აქ 20 ათასი ადამიანი მონაწილეობდა, თქვენს მიერ დარბაზში გავრილოვის შემოყვანის გამო და მაშინ, ისინიც დააპატიმრეთ. სამწუხაროდ, შეზღუდულ ვითარებაში, მორალური ვალდებულების ტვირთი გვქონდა, რომ ზედმეტად კრიტიკულები არ ვყოფილიყავით, მაგრამ თქვენ მოგვეცით ამის საბაბი და გამოგვიყვანეთ ამ მდგომარეობიდან. საკონსტიტუციო პროცესი თქვენ ჩაშალეთ და საერთაშორისო თანამეგობრობასთან პასუხს თქვენ აგებთ“, – მიმართა საპარლამენტო უმრავლესობას გოცირიძემ.

იტვირთბა....