თბილისის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში კორონავირუსისგან 79 წლის პაციენტიც განიკურნა. ლევან რატიანის განცხადებით, გამოჯანმრთელებული პაციენტი კლინიკას დღესვე დატოვებს.
„კიდევ გვყავს ერთი ბატონი, რომელიც არის 79 წლის. აქაც შემოსვლისთანავე დადასტურებული იყო ორმხრივი მწვავე პნევმონია, მწვავე რესპირატორული დისტრესი. პაციენტის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია, კომპიუტერული ტომოგრაფიით, ალაგებულია აბსოლუტურად ფილტვის დაზიანების სურათი, ორჯერადად მიღებული გვაქვს უარყოფითი პასუხი. პაციენტი რამდენიმე საათში დატოვებს კლინიკას“ , – აღნიშნა ლევან რატიანმა.
შეგახსენებთ, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში დღეს 80 წლის ქალისა და ორსული პაციენტის გამოჯანმრთელების შესახებაც განაცხადეს.
შეგახსენებთ, 12 აპრილის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით 252 ადამიანია ინფიცირებული.
252 შემთხვევიდან გამოჯანმრთელებულია 63. უცხოეთიდან სამკურნალოდ კი სამი პაციენტია გადმოყვანილი. კორონავირუსით საქართველოში სამი მოქალაქე გარდაიცვალა.
ქვეყანაში კარანტინის რეჟიმში 4929 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი – 405.
შეგახსენებთ, მთავრობის გადაწყვეტილებით, ქობულეთის მუნიციპალიტეტის შემდეგ ადმინისტრაციულ ერთეულებში: გვარაში, მუხაესტატეში, ლეღვასა და წყავრუკაში შემოდის სპეციალური რეჟიმი და მკაცრი საკარანტინო შეზღუდვები წესდება – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა დღეს განაცხადა.