ახალი ამბები მთავარი

„გირჩი” საგანგებო მდგომარეობით შემოღებულ შეზღუდვებს საკონსტიტუციო სასამართლოში ასაჩივრებს

“გირჩი” საქართველოში საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში შემოღებულ შეზღუდვებს საკონსტიტუციო სასამართლოში ასაჩივრებს.

როგორც პარტიაში აცხადებენ, საგანგებო მდგომარეობის დროს შემოღებული ეს შეზღუდვები არაკონსტიტუციური და არაგონივრულია, რომ მათი ნაწილი მიმოსვლის თავისუფლებას, ნაწილი კი თავისუფალი განვითარების უფლებას ეწინააღმდეგება, რაც ადამიანს კონსტიტუციით აქვს მინიჭებული.

პარტიის წევრის, ლევან ჯგერენაიას განცხადებით, აღნიშნულ შეზღუდვებს არაფერი აქვს საერთო ვირუსის გავრცელების პრევენციასთან და სინამდვილეში ის სპექტაკლია, რომელიც საარჩევნოდ მოაწყო ხელისუფლებამ. მისივე თქმით, შეზღუდვებისთვის საჭიროა არსებობდეს ლეგიტიმური მიზანი, რაც ამ შემთხვევაში საზოგადოებრივი ჯანდაცვა შეიძლება იყოს და აუცილებლად უნდა იყოს დაცული პროპორციული ძალის გამოყენების პრინციპი, რისი ვალდებულებაც აქვს სახელმწიფოს.

„ხელისუფლების მიერ გამოყენებული ზომები არაგონივრულია და მოკლებულია საღ აზრს. მაგალითად: ოჯახის წევრებს, რომლებიც ერთად ცხოვრობენ, ერთ ჭერქვეშ, ერთად სადილობენ, ვუკრძალავთ საჯარო სივრცეში ერთად შეკრებას და გადაადგილებასაც კი. თუ ხელისუფლება თვლის, რომ საჯარო, ღია სივრცეში სამ ადამიანზე მეტის შეკრება აუცილებლად საფრთხის შემცველია, მაშინ ის მით უმეტეს საფრთხის შემცველია სახლში, გადახურულ სივრცეში და ხომ არ შევუვარდებით ოჯახებში ადამიანებს და განვაცალკევებთ ერთმანეთისგან.

რატომ არის ავტომობილში წინ ჯდომა საფრთხისშემცველი, როცა უკან ორი ადამიანის ჯდომა არ ითვლება ასეთად ან საღამოს გადაადგილებას რა კავშირი აქვს ვირუსის გავრცელებასთან. ერთ-ერთი მოსარჩელე, ვისი სახელითაც „გირჩს“ სარჩელი შეაქვს, სწორედ იმის გამო დააჯარიმეს, რომ მანქანაში საკუთარი შვილი გვერდით ეჯდა. მძღოლი სამი ათასი ლარით დააჯარიმეს მიუხედავად იმისა, რომ გვერდითმჯდომი შვილი მასთან ერთად, ერთ სახლში ცხოვრობს.

საგანგებო მდგომარეობა არ აძლევს ხელისუფლებას იმის უფლებას, რომ სრულად გავიდეს კონსტიტუციური ჩარჩოებიდან და უგულებელყოს ადამიანების კონსტიტუციით დაცული უფლებები. ნებისმიერი შეზღუდვა, რომელსაც ხელისუფლება იყენებს უნდა იყოს იმ ლეგიტიმური მიზნის პროპორციული, რომლის მისაღწევადაც გამოიყენება. ასევე, უნდა იყოს გამოსადეგი, აუცილებელი და აღწევდეს დასახულ მიზანს. თუ შემზღუდავი წესების ამ პრინციპებს ეწინააღმდეგება, ის არაკონსტიტუციურია, რაც არაერთხელ უთქვამს საკონსტიტუციო სასამართლოს“, – განაცხადა ჯგერენაია.

„გირჩი” საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელს 13 აპრილს შეიტანს.

იტვირთბა....