ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ბევრი ვერ მივიდა მემორიალთან, ეს არ ნიშნავს, რომ რამენაირად დაკნინდა 9 აპრილის დღესასწაული და ტრაგიზმი”- სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 1989 წლის 9 აპრილის მოვლენებს ეხმიანება და აცხადებს, რომ.წელს ვირუსის გამო მოსახლეობა ამ დღეს სულ სხვა განწყობით ხვდება.

პრეზიდენტის თქმით, ის გმერიმის მემორიალთან ვერ მივიდა, ვინაიდან შექმნილი მდგომარეობიდან საზოგადოების დიდი ნაწილიც ვერ მივიდოდა.

როგორც მან აღნიშნა, ხალხის მიუსვლელობა არ ნიშნავს, რომ რამენაირად დაკნინდა 9 აპრილის დღესასწაული და ტრაგიზმი.

“დღეს 9 აპრილია. ესაა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთი ტრაგიკული და ამავდროულად უდიდესი გამარჯვების დღე, რომელიც არ შეიძლება, რომ არ გავიხსენოთ. ამავე დროს, დღეს 9 აპრილი გაგვითენდა სულ სხვა, საგანგებო მდგომარეობის, შინ დარჩენის, კარანტინის ვითარებაში და მთელი საზოგადოება ამ 9 აპრილს ხვდება სხვა განწყობით.

ბევრი ვერ მივიდა მემორიალთან, მე არ მივსულვარ მემორიალთან, რადგანაც დიდი ნაწილი საზოგადოების ვერ მივიდოდა. ეს არ ნიშნავს, რომ ამ დღეს ჩვენ ნაკლებად განვიცდით, ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ არ გვახსოვს იმ გმირების თავდადება, არ ნიშნავს, რომ რამენაირად დაკნინდა 9 აპრილის დღესასწაული და ტრაგიზმი. ეს ყველაფერი ჩვენთანაა და შეიძლება კიდევაც სახლში უფრო გავიაზროთ, რაც ნიშნავს ეს დღეს ჩვენი დამოუკიდებლობისთვის, სახელმწიფოსთვის თუ რამდენად მძიმე და ამავე დროს სიმბოლური დღე არის დღეს“,-აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

დღეს 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 31 წელი შესრულდა.

1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას, საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან, მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რასაც მსხვერპლი მოჰყვა.

საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით მოწყობილი მშვიდობიანი დემონსტრაციის დარბევაში დაიღუპა 21 ადამიანი, ასობით კი დაიჭრა. ამასთან, პარლამენტის წინ შეკრებილი ათასობით მოქალაქე დაუდგენელი შემადგენლობის გაზით მოიწამლა.

მოგვიანებით, 1991 წლის 9 აპრილს კი უზენაესმა საბჭომ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.

9 აპრილი საქართველოს უახლეს ისტორიაში ჩაეწერა ტრაგედიის და ამავდროულად საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღედ.

 

იტვირთბა....