საქართველოში ლიეტუვის ელჩი გიედრიუს პუოჯუნასი 1989 წლის 9 აპრილის მოვლენებს ეხმიანება და აცხადებს, რომ ამ დღემ შთაგონება მისცა საქართველოს ეროვნულ ერთობას.
როგორც გიედრიუს პუოჯუნასი “ტვიტერში” წერს, ქართველები წინ აღუდგნენ საბჭოთა რეჟიმს და ეს არასოდეს იქნება დავიწყებული.
“1989 წელს ქართველები წინ აღუდგნენ საბჭოთა რეჟიმს რუსთაველის გამზირზე, ტრაგიკულად დაიღუპა 21 მამაცი ადამიანი. ამ მსხვერპლმა შთაგონება მისცა საქართველოს ეროვნულ ერთობას და უკვე ორ წელიწადში, 1991 წელს საქართველომ დამოუკიდებლობა აღადგინა. არასდროს დავივიწყებთ“, – წერს გიედრიუს პუოჯუნასი.
დღეს 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 31 წელი შესრულდა.
1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას, საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან, მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რასაც მსხვერპლი მოჰყვა.
საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით მოწყობილი მშვიდობიანი დემონსტრაციის დარბევაში დაიღუპა 21 ადამიანი, ასობით კი დაიჭრა. ამასთან, პარლამენტის წინ შეკრებილი ათასობით მოქალაქე დაუდგენელი შემადგენლობის გაზით მოიწამლა.
მოგვიანებით, 1991 წლის 9 აპრილს კი უზენაესმა საბჭომ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.
9 აპრილი საქართველოს უახლეს ისტორიაში ჩაეწერა ტრაგედიის და ამავდროულად საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღედ.