თბილისის ცენტრალური ინფექციიური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, დღეს კორონავირუსზე განმეორებითი ტესტი 10 პაციენტს ჩაუტარდება.
როგორც ეზუგბაიამ ჟურნალისტებთან განაცხადა, ტესტი ჩაუტარდებათ 6 ახალ პაციენტსაც, თუმცა ამ პაციენტების ისტორიებიდან გამომდინარე, ისინი ვირუსზე დადებით პასუხს არ ელიან.
“დღეს განმეორებითი ტესტი, დაახლოებით, 10 პაციენტზე ტარდება. 6 ახალი პაციენტია, რომლებსაც ტესტი პირველად ჩაუტარდებათ, ისეთი ისტორიები აქვთ დადასტურებას თითქოს არ ველით, მაგრამ შესაძლებელია, რომ მაინც დადასტურდეს,“- განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
საქართველოში კორონავირუსის ინფიცირების შემთხვევები 214-მდე გაიზარდა. მათგან 50 პაციენტი სრულიად გამოჯანმრთელდა, ხოლო სამი გარდაიცვალა.
გარდაცვლილი პაციენტები მაღალ რისკჯგუფს მიეკუთვნებოდნენ. გარდა იმისა, რომ ისინი ხანდაზმულები იყვნენ, მათ ქრონიკული დაავადებებიც აღენიშნებოდათ, რამაც მდგომარეობა დაამძიმა.
ამასთან, კარანტინის რეჟიმშია 4559 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 353 პირი.