თბილისის ინფექციური სააავდმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, მათ ცენტრში მოთავსებული ყველა ინფიცირებულის წყარო ცნობილია და ისინი უკვე არსებული კონტაქტების კონტაქტები არიან.
ეზუგბაიას ცნობით, 8 პაციენტი, რომელიც მათთან მკურნალობს, ეროვნული ბანკის კლასტერს წარმოადგენს.
ამასთან, ეზუგბაიას თქმით, ეროვნულ ბანკში ინფიცირებიწ პირველწყარო უცნობია და ამ პაციენტებთან უკვე ხალხმრავლობა ფიქსირდება.
“ჩვენს ცენტრში არსებული პაციენტების წყარო ყველასი ცნობილია. ანუ ესენი არიან კონტაქტები. პირველწყაროები არ განმიხილია, მაგრამ ძირითადად ჩვენთვის ასეთი უცნობი პირველ წყარო არის მხოლოდ ორი შემთხვევა, რომელთა კონტაქტებიც არსებობს. დანარჩენი ყველას აქვს მოგზაურობის ისტორია. ამ ორი წყაროდან ერთი წყაროს პაციენტები არ არის უხვი, საშუალო მაჩვენებლებითაა, ეროვნული ბანკის წყაროა უცნობი და მათთან უკვე ხალხმრავლობაა დადასტურებული. ჯამში ვერ გეტყვით რამდენია, მაგრამ ჩემთან უკვე რვა პაციენტი წევს“ ,- განაცხადა ეზუგბაიამ.
შეგახსენებთ, ეზუგბაიამ განაცხადა, რომ დღეს გამოვლენილი ორი ახალი პაციენტი ეროვნულ ბანკს უკავშირდება.
საქართველოში კორონავირუსის დადასტურებულ შემთხვევათა რიცხვი 208-მდე გაიზარდა. მათგან 46 პაციენტი სრულიად გამოჯანმრთელდა, სამი კი გარდაიცვალა.
ამასთან, ბოლო მონაცემებით, კარანტინის რეჟიმში რჩება 4674 პირი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 362.
ინფიცირებული მესამე პაციენტი 7 აპრილს დაიღუპა. გარდაცვლილი 86 წლის ქალბატონია, რომლის მდგომარეობაც კლინიკაში შესვლის დღიდან მძიმე იყო.ინფიცირებული მკურნალობას თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში გადიოდა.
რამდენიმე დღის წინ კიი, ვირუსით თბილისის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში 81 წლის და 79 წლის პაციენტები გარდაიცვალნენ.