ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ინფიცირების ახალი შემთხვევებიდან ერთი ამერიკაში მოგზაურობას უკავშირდება

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსის ინფიცირების ახალი შემთხვევებიდან ერთი მათ ცენტრშია მოთავსებული და მისი წყარო ცნობილია.

როგორც ეზუგბაიამ ჟურნალისტებთან განაცხადა, პაციენტის  ინფიცირების წყარო ამერიკას უკავშირდება.

„შვიდი ახალი შემთხვევიდან ერთი ჩვენთან არის მოთავსებული. წყარო არის ამერიკა. ჩვენს ცენტრში 195-დან არის 69 პაციენტი დადასტურებული. განკურნებულია 29 და გაწერილია ბინაზე. ამჟამად 39 ინიფიცირებული მკურნალობს“ , – განაცხადა ეზუგბაიამ.

საქართველოში კორონავირუსის ინფიცირების საერთო რაოდენობა 195-მდე გაიზარდა. მათგან 39 პაციენტი სრულიად გამოჯანმრთელდა. კორონავირუსის შედეგად გარდაცვლილია ორი პაციენტი.

4 აპრილს გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა.  გარდაიცვალა კორონავირუსით ინფიცირებული 79 წლის ქალი. პაციენტი კლინიკაში 31 მარტს  შეიყვანეს. მას თანმხლები დაავადებებიც აღენიშნებოდა, რამაც მისი მდგომარეობა დაამძიმა.

5 აპრილს კი კორონავირუსით ინფიცირებული მეორე პაციენტი გარდაიცვალა. ინფიცირებულს სიცოცხლესთან შეუთავსებელი გართულებები ჰქონდა, რამაც საბოლოოდ ბიოლოგიური სიკვდილი გამოიწვია.

იტვირთბა....