დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, სოციალური დისტანცირება ის ერთადერთი საშუალებაა, რაც ვირუსის ფართო გავრცელებას შეუშლის ხელს, ამიტომ მოსახლეობას არსებული რეკომენდაციის დაცვისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს.
ამის შესახებ იმნაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
იმნაძე ქართველ მრევლს თხოვნით მიმართავს, ეკლესიაში არ მივიდნენ და სახლიდან ილოცონ, რათა ვირუსი ფართოდ არ გავრცელდეს.
“მე ყოველთვის ვცდილობ, რომ ნებისმიერი ჩვენი აკრძალვა, რჩევა იყოს საფრთხის ადექვატური. ამავე დროს მინდა კარგად გავითავისოთ ყველამ, რომ ორი კვირის წინ რა რჩევებსაც ვიძლეოდით ყველა, იმის დაცვა ან არ დაცვა ჩნდება დღეს. დღეს ჩვენ რა რჩევებსაც ვიძლევით და რა აკრძალვებსაც ვამბობთ, ამის ეფექტი გამოჩნდება ორი კვირის შემდეგ. ანუ ჩვენ ყოველთვის დროს უნდა ვუსწრებდეთ წინ ჩვენი აკრძალვებით თუ რჩევებით. აქედან გამომდინარე, მე მინდა მივმართო მორწმუნე ქრისტიანებს, მრევლს, დავიცვათ ჩვენი დედაეკლესია, დავიცვათ მღვდელმთავრები ეკლესიაში არ მისვლით, სახლში ლოცვით. დაიცავით არამხოლოდ ამ ვირუსისგან, არამედ სხვა ვირუსებისგანაც. დავიცვათ ჩვენი ეკლესია, ნუ მიხვალთ ეკლესიაში სალოცავად, ილოცეთ სახლში. ეკლესიის კარგი არ დაიკეტება, იქ იქნებიან მამაოები რომლებიც ილოცებენ ჩვენთვის, ჩვენ სახლში ვილოცოთ ერთმანეთისთვის და ჩვენი ქვეყნისთვის,” – განაცხადა იმნაძემ.
ცნობისთვის, რა ფორმით ჩაატარებს ეკლესია აღდგომის ლიტურგიას, ამ დროისთვის უცნობია. ამ საკითხთან დაკავშირებით ხელისუფლება და საპატრიარქო კონსულტაციას გადიან.
მთავრობის წარმომადგენლები და სპეციალისტები მუდმივად ამახვილებენ ყურადღებას იმაზე, რომ დღესასწაულზე ტრადიციული სახით მსახურების ჩატარება ვირუსის გავრცელების პიკს გამოიწვევს. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ სააღდგომო მსახურება ე.წ. კომენდანტის საათს ემთხვევა.
შეგახსენებთ, საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსის ინფიცირების შემთხვევები 188-მდე გაიზარდა. ინფექციისგან 36 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 2 კი – გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმშია 5056 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 386