დღეს გამოვლენილი ინფიცირებული ახალი პაციენტებიდან ორი მათგანი მკურნალობას ბოჭორიშვილის კლინიკაში გადის.
არსებული ინფორმაციით, მათი დაინფიცირება შიდა გადაცემას უკავშირდება და მათი წყარო ცნობილია.
ამის შესახებ კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, მაკა სოლოღაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
“ორი ახალი პაციენტი არის ქვეყნის შიდა გავრცელება. შესწავლილია მათი წყარო. კლასტერები ძალიან აირია და სამედიცინო პერსონალისთვის ამას მნშვნელობა აღარ აქვს“, – განაცხადა მაკა სოლოღაშვილმა.
სოლოღაშვილის თქმით, მათ ცენტრში მკურნალობას „კოვიდ-19“-ით დადასტურებული 10 პაციენტი გადის, მათგან 2 ახალი შემთხვევაა.
მისივე თქმით, დადასტურებული დიაგნოზით მყოფი პაციენტების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ერთია მძიმე და საყურადღებო.
საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსის ინფიცირების შემთხვევები 188-მდე გაიზარდა. ინფექციისგან 36 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 2 კი – გარდაიცვალა.
კარანტინის რეჟიმშია 5056 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 386
4 აპრილს გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. გარდაიცვალა კორონავირუსით ინფიცირებული 79 წლის ქალი. პაციენტი კლინიკაში 31 მარტს შეიყვანეს. მას თანმხლები დაავადებებიც აღენიშნებოდა, რამაც მისი მდგომარეობა დაამძიმა.
5 აპრილს კი კორონავირუსით ინფიცირებული მეორე პაციენტი გარდაიცვალა. ინფიცირებულს სიცოცხლესთან შეუთავსებელი გართულებები ჰქონდა, რამაც საბოლოოდ ბიოლოგიური სიკვდილი გამოიწვია.