იტალიაში საქართველოს საელჩო ქვეყანაში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ ინფორმაციას ავრცელებს.
როგორც საელჩოს ფეისბუქგვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 21 აპრილს დანიშნულია ჩარტერული რეისი რომი-თბილისი, რომელსაც განახორციელებს ავიაკომპანია „საქართველოს ავიახაზები”.
ბილეთები ორი დღით ადრე ავიაკომპანიის ვებგვერდზე გაიყიდება.
„გაცნობებთ, რომ მიუხედავად იმისა, გაგრძელდება თუ არა 13 აპრილის შემდეგ იტალიაში გამოცხადებული შეზღუდვის წესები, მოქალაქეს, რომელსაც ექნება იტალიის ტერიტორიაზე გადაადგილებისთვის აუცილებელი ავტოსერთიფიკატი (სადაც მიუთითებს, რომ მოემგზავრება რომში სამშობლოში დასაბრუნებლად) და ასევე საქართველოში დასაბრუნებელი ავიაბილეთი, შეეძლება თავისუფლად ჩამოვიდეს რომში იტალიის ნებისმიერი რეგიონიდან“, – ნათქვამია საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.