საქართველოში ახალი კორონავირუსისგან კიდევ სამი პაციენტი გამოჯანმრთელდა – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.
თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსიგან 29 პაციენტია განკურნებული, მთლიანად ქვეყნის მასშტაბით – 39.
„გამოჯანმრთელებული პაციენტების სიას შეემატა კიდევ სამი პაციენტი, ჩვენს ცენტრს ჰყავს 29 გამოჯანმრთელებული პაციენტი. გაეწერებიან ალბათ დღეს. უკვე პასუხი მიღებულია, შეჯერებულია მათი კლინიკური მოჯაცემები პისიარის ტესტის პასუხთან და თუ ყველაფერი წესრიგში იქნება, თანდათანობით დატოვებენ ცენტრს“ , – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
შეგახსენებთ, ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 174 შემთხვევაა დადასტურებული.
დღეს ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებულის გარდაცვალების მეორე შემთხვევა დადასტურდა. პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის თქმით, ინფიცირებულს, კორონავირუსის გარდა, სიცოცხლესთან შეუთავსებელი გართულებები ჰქონდა, რამაც საბოლოოდ ბიოლოგიური სიკვდილი გამოიწვია.
საჩხერის საავადმყოფოს ასამდე თანამშრომელი კლინიკაში იზოლაციაში იმყოფება. ინფიცირებულია ერთ-ერთი ინფექციონისტი, რომელიც საჩხერის მერის მეუღლეა.
გარდაცვალების პირველი შემთხვევა კი ქვეყანაში გუშინ დადასტურდა – გარდაიცვალა კორონავირუსით ინფიცირებული 79 წლის ქალი. ინფიცირებული კლინიკაში 31 მარტს შეიყვანეს და მას, კორონავირუსის გარდა, თანმხლები დაავადებები ჰქონდა.