“მარნეულიდან გადმოყვანილი 62 წლის ქალის მდგომარეობა იყო კრიტიკულად მძიმე, მაგრამ ჩატარებული მკურნალობის შედეგად ამ ეტაპზე პაციენტი მოხსნილია აპარატიდან, იმყოფება ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში. ეს არის ქალი, რომელიც მარნეულის კლასტერის წარმომადგენელია”
ლევან რატიანი, პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი
TV პირველი, “დღის ამბები”
შეგახსენებთ, დღეს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულის გარდაცვალების მეორე შემთხვევა დადასტურდა. ლევან რატიანის თქმით, ინფიცირებულს, კორონავირუსის გარდა, სიცოცხლესთან შეუთავსებელი გართულებები ჰქონდა, რამაც საბოლოოდ ბიოლოგიური სიკვდილი გამოიწვია.
“პაციენტთან გამოვლინდა ორმხრივი მწვავე პნევმონია, მწავე ტემპერატურული დისტრესი, მწვავე სეფსისი. ანამნეზში კლინიკურად გადატანილი იყო მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი, მოციმციმე არითმია, გულის ქრონიკული უკმარისობა, არტერიული ჰიპერტენზიით”, – განაცხადა ლევან რატიანმა.
გუშინ საქართველოში კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დადასტურდა. გარდაიცვალა კორონავირუსით ინფიცირებული 79 წლის ქალი. ინფიცირებული კლინიკაში 31 მარტს შეიყვანეს და მას, კორონავირუსის გარდა, თანმხლები დაავადებები ჰქონდა.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 170 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის 36 პაციენტი ვირუსისგან სრულად განიკურნა. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5526 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 344.
საქართველოში 30 მარტს, მთელი ქვეყნის მასშტაბით საყოველთაო კარანტინი და ე.წ. კომენდანტის საათი გამოცხადდა.