თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ამ დროისთვის მათ კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 36 პაციენტი მკურნალობს.
მარინა ეზუგბაიას თქმით, თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში გუშინ მოათავსეს ერთი ინფიცირებული უკვე დადასტურებული დიაგნოზით. მისი განმარტებით, ახალი პაციენტის შემთხვევა ეროვნულ ბანკს უკავშირდება.
„ჩვენთან არის 36 ინფიცირებული, გუშინ შემოგვემატა ერთი უკვე დადასტურებული შემთხვევა. ჩვენი მკურნალობის ქვეშ მყოფი პაციენტების კონტაქტი. ასევე მათთან ერთად შემოვიდა შვიდი კონტაქტი, რომელთა კვლევაც ამ დილას ჩატარდება და დღის მეორე ნახევარში გვეცოდინება, ანუ ჩვენთან მყოფი პაცოენტების კონტაქტებია“ , – განაცხადა ეზუგბაიამ.
შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ საქართველოში კორონავირუსით გარდაცვალების მეორე შემთხვევა დადასტურდა. ლევან რატიანის თქმით, ინფიცირებულს, კორონავირუსის გარდა, სიცოცხლესთან შეუთავსებელი გართულებები ჰქონდა, რამაც საბოლოოდ ბიოლოგიური სიკვდილი გამოიწვია.
“მისი მდგომარეობა მიმღებშივე შეფასდა კრიტიკულად, სიცოცხლისთვის შეუთავსებლად. შემოყვანისთანავე მჟავე-ტუტოვან წონასწორობაში PH იყო 7.0, რაც იმას მიუთითებდა, რომ პაციენტის მდგომარეობა იყო კრიტიკული. პაციენტთან გამოვლინდა ორმხრივი მწვავე პნევმონია, მწავე ტემპერატურული დისტრესი, მწვავე სეფსისი. ანამნეზში კლინიკურად გადატანილი იყო მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი, მოციმციმე არითმია, გულის ქრონიკული უკმარისობა, არტერიული ჰიპერტენზიით”, – განაცხადა ლევან რატიანმა.
გუშინ საქართველოში კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დადასტურდა. გარდაიცვალა კორონავირუსით ინფიცირებული 79 წლის ქალი. ინფიცირებული კლინიკაში 31 მარტს შეიყვანეს და მას, კორონავირუსის გარდა, თანმხლები დაავადებები ჰქონდა.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 170 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის 36 პაციენტი ვირუსისგან სრულად განიკურნა. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5526 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 344.
საქართველოში 30 მარტს, მთელი ქვეყნის მასშტაბით საყოველთაო კარანტინი და ე.წ. კომენდანტის საათი გამოცხადდა.