ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

რამდენ ხანს გრძელდება კორონავირუსით ავადობა – ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის ქართველი ექიმი ვირუსის ხასიათზე საუბრობს

“კორონავირუსის დაავადების მსუბუქი ფორმის შემთხვევაში სიმპტომები დაახლოებით 5-7 დღეში ალაგდება. საშუალო, მძიმე და კრიტიკულ შემთხვევებში შესაძლოა პაციენტებს სიმპტომები 4-6 კვირა გაუგრძელდეთ”, – ამის შესახებ ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის ქართველმა ექიმმა, ინფექციონისტმა მამუკა მაჩაიძემ განაცხადა. მამუკა მაჩაიძემ მოქალაქეების მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხა.

„დაავადების მსუბუქი ფორმის შემთხვევაში სიმპტომები დაახლოები 5-7 დღეში ალაგდება. საშუალო, მძიმე და კრიტიკულ შემთხვევებში, შესაძლოა პაციენტებს სიმპტომები 4-6 კვირა გაუგრძელდეთ. მათ ჰოსპიტალში წოლა მოუწევთ. კრიტიკულ სიტუაციაში მყოფი პაციენტები კი, გარკვეული დროით ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზე იქნებიან.

რაც შეეხება განკურნებას, ორი სცენარი არსებობს. მაგალითად, არსებობს პაციენტი, რომელსაც აქვს მსუბუქი სიმპტომები, მაგრამ რჩება სახლში. ანუ, ტესტს არ იკეთებს. შეიძლება ჩავთვალოთ, რომ რაღაც ალბათობა არსებობს, რომ მას დაავადება სჭირს, მაგრამ ტესტის გაკეთება არაფერს ცვლის და ის რჩება სახლში. არის მეორე ვარიანტი, რომელმაც გაიკეთა ტესტი და დაავადება დაუდასტურდა“, – განაცხადა მამუკა მაჩაიძემ მოქალაქეების შეკითხვების საპასუხოდ.

მამუკა მაჩაიძის თქმით, ადამიანი განკურნებულად და სხვებისთვის უსაფრთხოდ შეიძლება ჩაითვალოს, როდესაც სიმპტომების ალაგებიდან მინიმუმ 7 დღეა გასული.

„სამი ტესტი არსებობს, რომ ადამიანი განკურნებულად ჩაითვალოს და დაბრუნდეს სამსახურში. არ უნდა გქონდეთ ცხელება 72 საათის განმავლობაში. ყველა სხვა სიმპტომი უნდა იყოს გაუმჯობესებული, თუმცა შესაძლოა არა ბოლომდე ალაგებული. მაგალითად, ხველა, სუნთქვის უკმარისობა, ყელის ტკივილი და ასე შემდეგ. მინიმუმ შვიდი დღე უნდა იყოს გასული სიმპტომების დასაწყისიდან. ეს არის სამი სიმპტომი, რომელზეც დაავადებათა კონტროლის ცენტრი გვეუბნება, რომ ადამიანი განკურნებულად და უსაფრთხოდ ითვლება. მე გირჩევდით, დაიცადოთ არა შვიდი დღე სიმპტომების დასაწყისიდან, არამედ სიმპტომების დასრულების შემდეგ“, – განაცხადა ინფექციონისტმა.

მისივე თქმით, ამასთან, განკურნებულად ითვლება ის ადამიანი, რომელიც უსიმპტომოა და ზედიზედ ორჯერ ტესტმა კორონავირუსზე უარყოფითი აჩვენა. მაჩაიძის განცხადებით, გამოჯანმრთელებული პაციენტიც რაღაც დროით ვირუსის გამავრცელებელია.

შეგახსენებთ, ამჟამად საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 157-მდეა გაზრდილი.

დღეს საქართველოში ახალი კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დადასტურდა.  გარდაცვლილი 79 წლის ქალია. ინფიცირებული კლინიკაში 31 მარტს შეიყვანეს და მას, კორონავირუსის გარდა, თანმხლები დაავადებები ჰქონდა. გარდაცვლილის შესახებ ინფორმაცია განახლდა stopcov.ge-ზეც.

ამირან გამყრელიძის თქმით, გარდაცვლილი ქალი ქვემო ბოლნისის, სოფელ კაპანახჩის კლასტერს მიეკუთვნება. ამირან გამყრელიძემ კორონავირუსით გარდაცვლილის დაკრძალვასთან დაკავშირებულ წესებზე ისაუბრა.

ქვეყანაში კარანტინის რეჟიმშია 5526 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 344 პირი. საქართველოში კორონავირუსისგან გამოჯანრმთელებულთა რაოდენობა დღეს დილით 28-მდე გაიზარდა.

იტვირთბა....