ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

თურქეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს საელჩო აფრთხილებს

თურქეთის რესპუბლიკაში მყოფ საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ საქართველოს საელჩო ქვეყანაში დაწესებულ შეზღუდვებთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.

თურქეთში საქართველოს საელჩოს ინფორმაციით, კორონავირუსის შემდგომი გავრცელების პრევენციის მიზნით, თურქეთში ამოქმედდება შემდეგი დამატებითი შეზღუდვები:

1. მომდევნო 15 დღის განმავლობაში, თურქეთის 30 მთავარ ქალაქში, ასევე, ქალაქ ზონგულდაქში აიკრძალება ავტომობილების შესვლა და გასვლა. საჭიროების შემთხვევაში, შეზღუდვა, შესაძლებელია, რომ გაგრძელდეს 15 დღიანი ვადის ამოწურვის შემდეგაც;

2. თურქეთის მასშტაბით, ქუჩაში გასვლა იკრძალება 65 წელს გადაცილებული, ასევე, 20 წელს ქვემოთ და 2000 წლის 1 იანვრის შემდეგ დაბადებული მოსახლეობისთვის;

3. ბაზრებსა და მარკეტებში მოსახლეობისთვის სავალდებულოა პირბადის ტარება;

4. პირი, რომელიც საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში არ დაიცავს 3 ნაბიჯიან დისტანციას, დაჯარიმდება.

საელჩოს ინფორმაციით, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის ფარგლებში ხვალიდან, მომდევნო 15 დღის განმავლობაში, თურქეთის შემდეგ ქალაქებში აიკრძალება ავტომობილების შესვლა და გასვლა: ადანა, ანკარა, ანტალია, აიდინი, ბალიქესირი, ბურსა, დენიზლი, დიარბაქირი, ერზერუმი, ესქიშეჰირი, გაზიანთეფი, ჰათაი, იზმირი, ქაჰრამანმარაში, ქაისერი, ქოჯაელი, კონია, მალათია, მანისა, მარდინი, მერსინი, მუღლა, ორდუ, საქარია, სამსუნი, შანლიურფა, თექირდაღი, ტრაპიზონი, ვანი და ზონგულდაქი.

„დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ ცხელ ხაზზე: ანკარაში საქართველოს საელჩოს ცხელი ხაზი: +90 533 690 30 40; +90 5392208280. სტამბოლში საქართველოს გენერალური საკონსულოს ცხელი ხაზი: +90 541 818 44 00. ქალაქ ტრაპიზონში საქართველოს გენერალური საკონსულოს ცხელი ხაზი: +90 541 326 22 26. იზმირში საქართველოს საპატიო კონსულის ოფისი: +90 530 280 45 08“, – ნათქვამია საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, თურქეთში კორონავირუსით ინფიცირებულია 20,921 მოქალაქე, მათგან 484 გამოჯანმრთელდა, 425 შემთხვევა კი ლეტალურად დასრულდა.

იტვირთბა....