აბონენტებს, რომლებსაცკომუნალურ გადასახადებზე შეღავათი ეხებათ და დავალიანება უკვე დაფარეს, თანხა სააბონენტო ბარათზე დაუბრუნდებათ.
ამის შესახებ განცხადება „თბილისი ენერჯიმ“ გააკეთა.
კომპანიის განცხადებაში აღნიშნულია, რომ არ ხდება თანადაფინანსება, ანუ, მომხმარებლები, რომლებიც ერთი თვის განმავლობაში მოიხმარენ 201 კუბურ მეტრ და მეტი მოცულობის ბუნებრივ გაზს, თავად უზრუნველყოფენ საფასურის სრულ ანაზღაურებას.
” გაცნობებთ, რომ საყოფაცხოვრებო მომხმარებლებს, რომლებიც თვის განმავლობაში მოიხმარენ 200 და ნაკლებ კუბურ მეტრ ბუნებრივ გაზს, სამი თვის განმავლობაში – მარტში, აპრილსა და მაისში საქართველოს მთავრობა სრულად აუნაზღაურებს მოხმარებული გაზის საფასურს.
მომხმარებლებს, რომელთა მარტის თვის ბუნებრივი გაზის ხარჯი შეადგენდა 200 და ნაკლებ კუბურ მეტრს და უკვე დაფარეს გადასახადი, მთავრობის მიერ დაფინანსებული თანხა აესახებათ სააბონენტო ბარათებზე და გამოყენებული იქნება მომდევნო პერიოდის დავალიანების დასაფარად. ხოლო იმ მომხმარებლებს, რომლებსაც მარტის თვის გადასახადი მიმდინარე პერიოდისათვის დაფარული არ აქვთ, არ მოეთხოვებათ მისი გადახდა და შესაბამისად, ბუნებრივი გაზით მომარაგება არ შეუწყდებათ.
აღნიშნულში არ იგულისხმება თანადაფინანსება, რაც ნიშნავს იმას, რომ მომხმარებლები, რომლებიც ერთი თვის განმავლობაში მოიხმარენ 201 კუბურ მეტრ და მეტი მოცულობის ბუნებრივ გაზს, თავად უზრუნველყოფენ საფასურის ანაზღაურებას სრულად.
აღნიშნული არ ეხებათ არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებს და ისინი მოხმარებული ბუნებრივი გაზის საფასურს ფარავენ სრულად“, – აცხადებენ კომპანიაში.
მთავრობის გადაწყვეტილებით, ყველა მოქალაქეს, ვინც 200 კილოვატზე ნაკლებ ელექტროენერგიასა 200 კუბურ მეტრზე ნაკლებ ბუნებრივ აირს მოიხმარს, სამი თვის განმავლობაში გადასახადებს მთავრობა დაუფინანსებს.ეს გადაწყვეტილება დღეს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დღევანდელ უწყებათაშორისი საბჭოს სხდომაზე გამოაცხადა.