საქართველოს ეროვნული ბანკი ჰაკერულ ფორუმზე ქართველი ამომრჩევლების პერსონალური მონაცემების გაჟონვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
როგორც უწყების განცხადებაში წერია, გამოქვეყნებული მონაცემთა ბაზა მოქალაქეების პირად ფინანსური მონაცემებს არ შეიცავს.
ამასთან, ეროვნული ბანკი მოუწოდებს მომხმარებლებს, გამოიჩინონ სიფრთხილე ფინანსური მონაცემების გამოყენებისა და ინტერნეტში ოპერაციების განხორციელების დროს.
“30 მარტს, ინტერნეტში გავრცელდა ინფორმაცია საქართველოს მოქალაქეების პირადობის დამადასტურებელი მონაცემების ერთ-ერთ ჰაკერულ ფორუმზე საჯაროდ გამოქვეყნების შესახებ. ინტერნეტით გავრცელებული აღნიშნული ინფორმაცია არ შეიცავს მოქალაქეების პირად ფინანსურ მონაცემებს, როგორიცაა პიროვნების ანგარიშის ნომერი, ფინანსური ოპერაციების შესახებ ინფორმაცია, დისტანციური ფინანსური მომსახურების განსახორციელებლად საჭირო მონაცემები (მაგალითად ინტერნეტ და მობაილ ბანკის პაროლი და მომხმარებლის სახელი) და სხვა.
შესაბამისად, ინტერნეტში განთავსებული მონაცემები არ არის საკმარისი ფინანსური ოპერაციების განსახორციელებლად. სხვა პერსონალური (მათ შორის პირადი ფინანსური) მონაცემების გარეშე და დანერგილი პრევენციული კონტროლის მექანიზმების საშუალებით, თუ მომხმარებელი დაიცავს უსაფრთხოების მინიმალურ წესებს, არ არსებობს შესაძლებლობა, რომ მოქალაქეების პირადობის დამადასტურებელი მონაცემები ფინანსური თაღლითობის მიზნებისთვის იყოს გამოყენებული. დამატებით, თაღლითობის პრევენციის მიზნით, კომერციული ბანკები და სხვა ფინანსური ინსტიტუტები მუდმივმოქმედ რეჟიმში აკვირდებიან კლიენტების ფინანსურ ოპერაციებსა და მონაცემებს“, – აცხადებს უწყება.
მოქალაქეებს დამატებითი კითხვების შემთხვევაში შეუძლიათ დაუკავშირდნენ საქართველოს ეროვნული ბანკს ცხელ ხაზზე – 2 406 406.
ცნობისთვის, უცხოურმა გამოცემამ, ZDNet-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც ჰაკერულ ფორუმზე 4,9 მილიონი ქართველი ამომრჩევლის პერსონალური მონაცემები გამოქვეყნდა. მათ შორისაა მონაცემერბი გარდაცვლილი მოქალაქეების შესახებ.
სტატიაში ხაზია გასმული, რომ 2019 წლის მონაცემებით, საქართველოს მოსახლეობა 3.7 მილიონს შეადგენდა, აქედან მესამედზე მეტი არასრულწლოვანია და ხმის მიცემის უფლება არ აქვს. ამოქვეყნებულ მონაცემთა ბაზაში კი, როგორც უკვე ვთქვით, 4.9 მოქალაქის მონაცემი იყრის თავს, მათ შორის კი მილიონობით გარდაცვლილის მონაცემია.
ქართველი ამომრჩევლების პერსონალური მონაცემების გამოქვეყნებასთან დაკავშირებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.