ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“რამდენიმე პაციენტის ინფიცირების პირველწყარო ცნობილი არ არის” – ეზუგბაია

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, გუშინ დილის შემდეგ დაფიქსირებული კორონავირუსით ინფიცირების 11 ახალი შემთხვევიდან, სამი ადამიანის ისტორია ინგლისის კლასტერს უკავშირდება.

რაც შეეხება სხვა ახალ პაციენტებს, როგორც ეზუგბაიამ ჟურნალისტებს უთხრა, რამდენიმეს შემთხვევაში ინფიცირების  პირველწყარო ცნობილი არ არის.

„გუშინ დილას გვყავდა 97 დადასტურებული შემთხვევა, დღეს დილას გვყავს 108. ანუ გუშინ დილიდან დღეს დილამდე 11 ახალი დადასტურებული შემთხვევაა. ამ 11-დან სამი დადასტურებული შემთხვევაა ჩვენი ცენტრის, დანარჩენი არის ექვსი კოვიდის მიმღებ სხვა დაწესებულებებში. 108 პაციენტიდან საერთოდ 50 ჩვენი ცენტრის პაციენტია, ანუ 58 არის დანარჩენი ექვსი ცენტრის ჯამური მაჩვენებელი. როგორც ჩემთვის ცნობილია, ახალ შემთხვევებთან დაკავშირებით კრიტიკული და ძალიან მძიმე არც ერთი პაციენტის მდგომარეობა არ იყო დღევანდელი მონაცემებით. დინამიკაში რა განვითარდება, ამაზე ლაპარაკი ძლიან რთულია, მაგრამ ახალი 11 შემატებული პაციენტის კრიტიკული მდგომარეობა ჯერჯერობით არ დასტურდება არც ერთთან. ჩვენი ცენტრის შემთხვევებში ინიფიცირების წყარო ცნობილია, ეს არის ინგლისის კლასტერთან დაკავშირებული. დანარჩენ შემთხვევებთან, ვიცი, რომ რამდენიმე შემთხვევაში პირველწყარო არ არის ცნობილი, მაგრამ ნაწილობრივად დანარჩენებში ცნობილია კონტაქტებიდან გამომდინარე“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

შეგახსენებთ, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 108-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელებულია 21 ადამიანი.

ამ დროისთვის, კარანტინის რეჟიმში 4 995 ადამიანი იმყოფება. სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 278 პირი რჩება.

საქართველოში დღეიდან საყოველთაო კარანტინის რეჟიმი ამოქმედდა. ზომების გამკაცრება დღეს, დილის 08:00 საათიდან შევიდა ძალაში.

21 მარტს, მთელი ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. 

კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო, მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტები 23 მარტიდან მკაცრ საკარანტინო რეჟიმზე გადავიდა.

სამეგრელოს რეგიონში საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების აღსრულება გამკაცრდა, მათ შორის იზღუდება საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილება.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 30 იანვარს კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ, 11 მარტს კი, პანდემიად გამოაცხადა.

იტვირთბა....