“ამ ეტაპზე, კომენდანტის საათის შემოღების აუცილებლობა ნამდვილად არ არსებობს. მთავარია, რომ ის რეგულაციები, რაც არის გაცემული, შევასრულოთ. საბედნიეროდ, საზოგადოების დიდი ნაწილი ამ რეკომენდაციებს ასრულებს, მაგრამ არის მცირე ნაწილი, რომელიც ჯერ კიდევ არასერიოზულად უყურებს პროცესს და, შესაძლოა, ეს მცირე ნაწილი აღმოჩნდეს მიზეზი იმისა, რომ ხიფათი მასშტაბური და რეალური გახდეს.სოციალური დისტანცირება არის ყველაზე მძლავრი იარაღი იმისთვის, რომ კორონავირუსი დავამარცხოთ.”
დიმიტრი ხუნდაძე – პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე
საქართველოში ახალი ვირუსის “კოვიდ-19”-ის ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევები 98-მდე გაიზარდა. მათგან 18 პაციენტი უკვე გამოჯანმრთელდა.
ამასთან, ამ დროისთვის ქვეყანაში საკარანტინო რეჟიმში 4876 მოქალაქე იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 264.
კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო, საქართველოს მთავრობამ 21 მარტს, მთელი ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.
ხოლო, 23 მარტიდან პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტები მკაცრ საკარანტინო რეჟიმზე გადავიდა.