ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

პოლიცია სამეგრელოში საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში არსებული შეზღუდვების კონტროლს ახორციელებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო სამეგრელოში ქვეყანაში მოქმედი საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებულ შეზღუდვებზე 24-საათიან კონტროლს ახორციელებს.

უწყების ცნობით, ზუგდიდისა და ფოთის შესასვლელებში მოეწყო საკონტროლო გამშვები პუნქტები, რომელთა მეშვეობითაც კონტროლდება რეგიონში საავტომობილო გადაადგილება.

“საპოლიციო ძალები ახორციელებენ საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში არსებული შეზღუდვების მკაცრ კონტროლს, მათ შორის თვითიზოლაციის წესების დაცვის, ობიექტების მუშაობის, ასევე, საჯარო სივრცეებში 10-ზე მეტი ადამიანის შეკრებისა და სოციალური დისტანციის დაცვის.

საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ყველა პირი ვალდებულია, დაემორჩილოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს.

ასევე, ყველა ფიზიკური და იურიდიული პირი ვალდებულია, დაიცვას საგანგებო რეჟიმი, რომლის დარღვევაც გამოიწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას, ხოლო განმეორებით ჩადენილი იგივე ქმედება გამოიწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას”, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 97-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელებულია 18 ადამიანი.

ამ დროისთვის კარანტინის რეჟიმში 4 876 ადამიანი იმყოფება.   სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 264 პირი რჩება.

21 მარტს, მთელი ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. 

კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო, მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტები 23 მარტიდან მკაცრ საკარანტინო რეჟიმზე გადავიდა.

სამეგრელოს რეგიონში საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების აღსრულება გამკაცრდა, მათ შორის იზღუდება საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილება.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 30 იანვარს კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ, 11 მარტს კი, პანდემიად გამოაცხადა.

 

იტვირთბა....