“მე ჩამოვედი აქ, მარნეულში, სადაც არის ერთი მთავარი ბლოკპოსტი. ჩამოვედი, რათა მადლობა მოვახსენო უწყებების თანამშრომლებს, დღე და ღამე აქ არიან და მათი ძალიან დიდი წვლილია ამ ბრძოლაში, რომელიც მიმდინარეობს”, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, მარნეულის შესასვლელში ვიზიტისას განაცხადა.
პრეზიდენტის განცხადებით, ქვეყანაში ყველა მოქალაქე ერთნაირადაა დაცული.
“აქ არის წარმოდგენილი ერთობლივად ჯანდაცვის სისტემა, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვედანაყოფები და სამხედრო ძალებიც; ერთად მუშაობენ, ერთად არის ორგანიზებული ყველაფერი.
ქვეყანაში ყველა რეგიონში ყველა მოქალაქე ერთნაირადაა დაცული. ყველა ზომაა გამოყენებული იმისთვის, რომ ადამიანები მაქსიმალურად იყვნენ დაცული. ჩვენ ახლა შევდივართ ფაზაში, რომელიც შეიძლება უფრო მძიმე იყოს, ყველას ბევრად მეტი სიფრთხილე დაგვჭირდება”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
სალომე ზურაბიშვილთან ერთად ადგილზე იმყოფება რეგიონულ საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველი სოზარ სუბარიც.
შეგახსენებთ, საქართველოში COVID-19 ის 90 შემთხვევაა დადასტურებული. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4534 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 276.
საქართველოში 21 მარტს, მთელი ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით დეკრეტი გამოსცა.
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტები მკაცრ საკარანტინო რეჟიმზე გადავიდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა მარნეულში საველე ჰოსპიტალი მოაწყო.
ჯანმომ 11 მარტს COVID-19 საერთაშორისო პანდემიად გამოაცხადა.
ინფორმაცია საქართველოში ახალი კორონავირუსის შესახებ ყოველდღიურად ახლდება ვებგვერდზე https://stopcov.ge/.
ინფორმაცია მსოფლიოში ვირუსით ინფიცირებულთა, გამოჯანმრთელებულთა და გარდაცვლილთა შესახებ ყოვედღიურად ახლდება ვებგვერდზე https://www.worldometers.info/coronavirus/.
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი: 1505.
დაავადებათა კონტროლის ცხელი ხაზი: 116 001.