ახალი ამბები მთავარი სამართალი

ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით ჩადენილი ხულიგნობის ბრალდებით სამცხე-ჯავახეთში ორი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის ახალქალაქის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ორი პირი – 1954 წელს დაბადებული ს.პ. და 2001 წელს დაბადებული ა.მ. მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, მათ ბრალი ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით ჩადენილ ხულიგნობაში ედებათ.

„გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 26 მარტს, ქალაქ ახალქალაქში, თავისუფლებისა და ჯავახიშვილის ქუჩების კვეთაზე მდებარე კაფე-ბარი „გოლდის“ მიმდებარედ მომხდარი სიტყვიერი დაპირისპირების დროს ბრალდებულებმა განახორციელეს გასროლები ცეცხლსასროლი იარაღიდან.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, ასევე, 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით ჩადენილ ხულიგნობას გულისხმობს.

დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იტვირთბა....