მთავარი ციტატა

“კარგია, რომ დღეს ქვეყანა რაღაცამ გააერთიანა და ამას ნუ გამოვიყენებთ რაღაც სხვა დანიშნულებით”

„კარგი საქმის კეთებას სიჩუმე უყვარს ყოველთვის. ვაკეთოთ ყველამ კარგი საქმე, დავუდგეთ გვერდში, მაგრამ ვაკეთოთ ჩუმად და წესების დაცვით. ამ დროს უკვე არავითარი პოლიტიკური საფუძველი არ უნდა ჰქონდეს, დღეს ჩვენ სულყველა ერთნი ვართ – ხელისუფლებაც, ოპოზიციაც. ინფექციამ, კორონავირუსმა არ იცის, ვინ არის ხელისუფლება, ვინ არის ოპოზიცია, ვინ ვისი მამაა, ვინ ვისი შვილია, ყველას თანაბრად ეხება. ვიყოთ ყველა ერთნი. კარგია, რომ დღეს ქვეყანა რაღაცამ გააერთიანა და ამას ნუ გამოვიყენებთ რაღაც სხვა დანიშნულებით“

ამირან გამყრელიძე  – დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი

აღნიშნული განცხადებით გამყრელიძე ზუგდიდში, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების მიერ მოსახლეობისთვის პირბადებიის დარიგების ფაქტს გამოეხმაურა.

შეგახსენებთ, საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 79-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელებულია 10 ადამიანი.

ამ დროისთვის, კარანტინის რეჟიმში 4 346 ადამიანი იმყოფება. სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 247 პირი რჩება.

კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო, მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტები 23 მარტიდან მკაცრ საკარანტინო რეჟიმზე გადავიდა.

21 მარტს, მთელი ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით დეკრეტი გამოსცა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 30 იანვარს კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ, 11 მარტს კი, პანდემიად გამოაცხადა.

იტვირთბა....