დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის პაატა იმნაძის განცხადებით, ამ დროისთვის იმის პროგნოზირება, როდის იქნება ვირუსის გავრცელების პიკი, შეუძლებელია.
როგორც იმნაძემ გამარტულ ბრიფინგზე განაცხადა, ეს დრო მაშინ დასახელდება, როცა შიდა გავრცელება ფართოდ დაიწყება.
“თუ ავიღებთ ჩვენნაირი ქვეყნების გამოცდილებას, ჩვენნაირი მოსახლეობით, შეიძლებოდა სამჯერ და ოთხჯერ მეტი შემთხვევები ყოფილიყო ქვეყანაში, რომ არა ის ღონისძიებები, რაც გატარდა. მესმის, რომ ყველას აინტერესებს რა მოხდება, მაგრამ როდესაც დაიწყება ქვეყანაში ფართო შიდა გავრცელება, მას შემდეგ ვიტყვით, როდის გავალთ პიკზე და დავასახელებთ ამ დროს. მანამდე უახლოესი კვირები უნდა ვემზადოთ დაავადების ზრდის, შემთხვევების მატებისთვის“, – განაცხადა იმნაძემ.
საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 79-მდე გაიზარდა. მათგან ერთ-ერთი ახალი პაციენტი ბოლნისში მცხოვრები 22 წლის ორსული გოგოა.
23 მარტს, რაც მარნეულში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევა დადასტურდა, პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტები კარანტინის ზონებად გამოაცხადა.