შინაგან საქმეთა სამინისტრო ბოლნისისა და მარნეულის მუნიციპალიტეტებში საკარანტინო ზონის გაძლიერებულ კონტროლს განაგრძნობს.
შსს-ს ცნობით, საკარანტინო შეზღუდვების ამოქმედებისთანავე ძირითად გზებზე საკონტროლო გამშვები საგუშაგოებია განთავსებული, ხოლო მეორეხარისხოვანი გზები მობილური ჯგუფების მიერ კონტროლდება.
“პოლიციის თანამშრომლები საზოგადოებრივი უსაფრთხოების დასაცავად მუნიციპალიტეტების ქალაქებსა და სოფლებში ინტენსიურად პატრულირებენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები ადგილობრივ მოსახლეობას რეგულარულად, დეტალურად უხსნიან საკარანტინო ზონაში მოქმედ წესებს.
გარდა ცოცხალი ძალისა, საკარანტინო პერიმეტრის მუდმივი მონიტორინგის პროცესში პოლიციის შესაბამისი დანაყოფების მიერ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის დრონები გამოიყენება.
ბოლნისისა და მარნეულის მუნიციპალიტეტებში ამ დროისთვის ვითარება დამაკმაყოფილებელია და კონტროლს სრულად ექვემდებარება.
საკარანტინო შეზღუდვებს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, 24 საათის განმავლობაში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან კოორდინაციით, თავდაცვის ძალებთან ერთად, საგანგებო რეჟიმში აკონტროლებენ”, – ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 77-მდე გაიზარდა. ბოლო მონაცემებით, კარანტინის რეჟიმში 4 055 ადამიანი იმყოფება. სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 252 პირი რჩება.
კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო, მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტები 23 მარტიდან მკაცრ საკარანტინო რეჟიმზე გადავიდა.
21 მარტს, მთელი ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით დეკრეტი გამოსცა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 30 იანვარს კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ, 11 მარტს კი, პანდემიად გამოაცხადა.