ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორის(WHO), ტედროს გებრეიესუსის განცხადებით, კორონავირუსის გავრცელების შეკავება მხოლოდ საზღვრების ჩაკეტვით ვერ მოხერხდება.
WHO-ის გენერალური დირექტორი ქვეყნების მთავრობებს რეკომენდაციით მიმართავს და კონკრეტული ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებს.
„მხოლოდ საზღვრების ჩაკეტვითა და შეზღუდვების დაწესებით ვირუსის დამარცხება ვერ მოხერხდება.
ჩვენ რეკომენდაციას ვაძლევთ ექვს გადამწყვეტ ნაბიჯს – გააფართოვეთ, ჩაუტარეთ ტრენინგები და ეპიდემიის ეპიცენტრში გააგზავნეთ თქვენი ჯანდაცვის პერსონალი. მეორე – აამოქმედეთ სისტემა, რომლითაც ყველა საეჭვო შემთხვევას თემის დონეზე გამოავლენთ. მესამე – გაზარდეთ წარმოება და ტესტირების შესაძლებლობა. მეოთხე – განსაზღვრეთ ის ადგილები, სადაც მოხდება პაციენტების იზოლაცია, მოახდინეთ ამ შენობების ადაპტაცია და იყავით მზად. მეხუთე – შეიმუშავეთ მკაფიო გეგმა, რომლითაც კონტაქტების იზოლაციას და კარანტინში გადაყვანას შეძლებთ. მეექვსე და უკანასკნელი – მოახდინეთ მთელი მთავრობის ფოკუსირება „კოვიდ 19“-ის კონტროლსა და შეკავებაზე.
ბოლო მონაცემებით, მსოფლიოს მასშტაბით ახალი კორონავირუსით ინფიცირების 462 ათასამდე შემთხვევა ფიქსირდება. ინფიცირებით, 21 ათთასამდე ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 100 ათასზე მეტი გამოჯანმრთელდა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 30 იანვარს კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ, 11 მარტს კი პანდემიად გამოაცხადა.