ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“შემოწმებულ ორ სამხედრო მოსამსახურეს კორონავირუსი არ დაუდასტურდა” – თავდაცვის უწყება

შემოწმებულ ორ სამხედრო მოსამსახურეს კორონავირუსი არ დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

“ლუგარის ლაბორატორიიდან მიღებული ანალიზის პასუხების მიხედვით, სამხედროებს კორონავირუსული ინფექცია არ უდასტურდებათ. ასევე ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ დღემდე არც ერთ სამხედრო მოსამსახურეს კორონავირუსი არ დადასტურებია.

უწყებამ, სამხედროებში კორონავირუსის შესაძლო გავრცელების მაქსიმალური პრევენციის მიზნით, მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა. 21 მარტიდან საქართველოს თავდაცვის ძალები ყაზარმულ მდგომარეობაზე გადავიდა, რითაც მნიშვნელოვნად შემცირდა ბაზებზე ვირუსის გავრცელების ალბათობა. თავდაცვის სამინისტროს ტერიტორიასა და საქართველოს მასშტაბით თავდაცვის ძალების სამხედრო ბაზებზე, სადეზინფექციო სამუშაოები რეგულარულად ტარდება. სპეციალური ჯგუფების მიერ მოწმდება სამხედრო მოსამსახურეების ტემპერატურა. შენობებში ხელმისაწვდომია შესაბამისი სადეზინფექციო და ჰიგიენის საშუალებები.

ჯერ კიდევ 12 მარტს, თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ბრძანებით, თავდაცვის უწყების თანამშრომლების გარკვეული ნაწილი მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა, ხოლო გარკვეულ პირთა კატეგორიას სამსახურში გამოცხადება აეკრძალა. თვითიზოლაციაში მყოფი მოსამსახურეების მიერ შესაბამისი წესების დაცვის კონტროლს კი, სამხედრო პოლიციის დეპარტამენტი და გენერალური ინსპექცია ახორციელებს.

თავდაცვის სამინისტრო განსაკუთრებული ყურადღებით ეკიდება სამხედროების ჯანმრთელობას და იღებს შესაბამის პრევენციულ ზომებს მათი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად”, – ნათქვამია თავდაცვის უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, საქართველოში “კოვიდ-19”-ით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 73-მდე გაიზარდა.

გამოჯანმრთელებულია 10 ადამიანი.

კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო, მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტები 23 მარტიდან მკაცრ საკარანტინო რეჟიმზე გადავიდა.

21 მარტს, მთელი ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით დეკრეტი გამოსცა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 30 იანვარს კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ, 11 მარტს კი, პანდემიად გამოაცხადა.

 

იტვირთბა....