“ქვემო ქართლში, პრაქტიკულად, მეჩეთებში ლოცვა შეწყვეტილია. მორწმუნეებს მოუწოდებენ ლოცვები შეასრულონ სახლში. მეორე, ძალიან ბევრი საუბარი იყო წინა კვირას, იყო თუ არა დაცული უსაფრთხოების ზომები ეკლესიებში. მოგეხსენებათ, დიდი მარხვაა და მორწმუნეები ეკლესიებში ძალიან დიდი რაოდენობით მიდიან. მთელი საქართველოდან ყველა გუბერნატორს ვუკავშირდებოდი, რა ხდებოდა და ეკლესიების აბსოლუტურ უმრავლესობაში დაცული იყო დისტანცია, ადამიანები იდგნენ ეკლესიის გარეთ, იყო რამდენიმე ეკლესია, სადაც იყო დარღვეული, მაგრამ ჩვენ აქცენტი გავაკეთოთ, რომ კონკრეტულად ეკლესიაში მორწმუნეები არ არღვევენ”
სოზარ სუბარი – პრემიერ მინისტრის მრჩეველი
აღნიშნული განცხადება სუბარმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
შეგახსენებთ, საქართველოში “კოვიდ-19”-ით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 73-მდე გაიზარდა.
გამოჯანმრთელებულია 10 ადამიანი.
კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო, მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტები 23 მარტიდან მკაცრ საკარანტინო რეჟიმზე გადავიდა.
21 მარტს, მთელი ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით დეკრეტი გამოსცა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 30 იანვარს კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ, 11 მარტს კი, პანდემიად გამოაცხადა.