ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

სპეცრეისებზე საქართველოს მოქალაქეებისთვის ბილეთები თავისუფალი პრინციპით გაიყიდება

“საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების ქვეყანაში დასაბრუნებლად, საქართველოს ავიახაზები საქართველოს მთავრობასთან ერთად მჭიდრო კოორდინაციით გააგრძელებს საჰაერო ფრენებს სხვადასხვა მიმართულებით”, –  ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკანიანმა განაცხადა.

მან ასევე  ინფორმაცია მომავალი სპეცრეისების  შესახებ გაავრცელა. ზალკანიანის ინფორმაციით, 26 მარტს შესრულდება თბილისი – ვენა – თბილისი, 31 მარტს თბილისი-ამსტერდამი- თბილისის მიმართულებით, 3 აპრილს თბილისი – ვარშავა – თბილისის მიმართულებით, 7 აპრილს თბილისი – ათენი – თბილისის მიმართულებით,  10 აპრილს კი ლარნაკა- თბილისის მიმართულებით.

მინისტრის განცხადებით ყველა ამ ფრენაზე ბილეთები ხელმისაწვდომი იქნება ეტაპობრივად  და ბილეთების შესახებ ინფორმაცია, რეისებამდე რამდენიმე დღით ადრე  გამოქვეყნდება. ზალკანიანის ინფორმაციით, ამსტერდამსა და ვენაში იმყოფებიან საქართველოს ის მოქალაქეები, რომლებიც გაუქმებული ფრენების შედეგად ქვეყანაში ვეღარ დაბრუნდნენ.

“ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია და აუცილებელიცაა, რომ ეს ადამიანები რომლებიც დროებით არიან განთავსებული სხვადასხვა ადგილას დავაბრუნოთ სამშობლოში.  მეტი გამჭვირვალობის და სანდოობისთვის კომპანია მზად არის გამოაქვეყნოს შესაბამისი დამატებითი დოკუმენტაცია. რაც შეეხება შემდგომ ფრენებს, ვარშავა, ათენი და ლარნაკას მიმართულებით აღნიშნულ რეისებზე ბილეთების გაყიდვა მოხდება თანმიმდევრობით. რეისის შესრულების თარიღიდან რამდენიმე დღით ადრე ბილეთები გაიყიდება თავისუფალი პრინციპით და განთავსებული იქნება კომპანიის ვებგვერდზე” – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

შეგახსენებთ, საქართველოში “კოვიდ-19”-ით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 73-მდე გაიზარდა.

გამოჯანმრთელებულია 10 ადამიანი.

კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო, მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტები 23 მარტიდან მკაცრ საკარანტინო რეჟიმზე გადავიდა.

21 მარტს, მთელი ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით დეკრეტი გამოსცა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 30 იანვარს კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ, 11 მარტს კი, პანდემიად გამოაცხადა.

 

 

 

იტვირთბა....