ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“სამი ახალი ინფიცირებული პაციენტიდან ორს აშშ-ის, ხოლო ერთს საფრანგეთის ისტორია აქვს” – ეზუგბაია

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 73-მდე გაიზარდა.

როგორც ცოტა ხნის წინ ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა, სამი ახალი ინფიცირებული პაციენტიდან ორი ინფექციურში, ხოლო ერთი “კოვიდ-19”-ის მიმღები კლინიკებიდან ერთ-ერთშია მოთავსებული.

მარინა ეზუგბაიას განმარტებით, ინფიცირებული ადამიანები თვითიზოლაციაში იმყოფებოდნენ.

“ახალი პაციენტებიდან ორს ამერიკის, ხოლო ერთს საფრანგეთის ისტორია აქვს. ყველა იმპორტირებული შემთხვევაა. ყველა პაციენტი, ვინც ჩვენთან თავსდება, მათი ღრმა გამოკითხვით დგინდება, რომ ყველა იყო თვითიზოლაციაში”, – უთხრა ჟურნალისტებს მარინა ეზუგბაიამ.

შეგახსენებთ, საქართველოში “კოვიდ-19”-ით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 73 გახდა. გამოჯანმრთელებულია 10 ადამიანი.

ბოლო მონაცემებით, კარანტინის რეჟიმში 4 055 ადამიანი იმყოფება. სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 252 პირი რჩება.

კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო, მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტები 23 მარტიდან მკაცრ საკარანტინო რეჟიმზე გადავიდა.

21 მარტს, მთელი ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით დეკრეტი გამოსცა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 30 იანვარს კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ, 11 მარტს კი, პანდემიად გამოაცხადა.

იტვირთბა....