საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დასავლეთ ევროპის ეპარქია განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი ვითარების გამო, ეპარქიის სამრევლო ტაძრებში ან დროებით მოწყობილ სამლოცველოებში წმ. ლიტურგია და სხვა ლიტურგიული მსახურებები მღვდელმსახურთა მიერ, საზოგადოების (მორწმუნე ერისკაცების) გარეშე ჩატარდება.
“დღეს კაცობრიობა არნახული განსაცდელის წინაშე დგას. კორონავირუსული პანდემიის Covid-19-ის გავრცელებამ მსოფლიო ქვეყნები აიძულა, საგანგებო მდგომარეობა შემოეღოთ და დაეწესებინათ სხვადასხვა შეზღუდვა მოსახლეობის თავისუფალ გადაადგილებაზე ( გარდა: მარკეტები, აფთიაქები და სხვა სასიცოცხლოდ აუცილებელი ობიექტებისა). ასევე აიკრძალა ხალხმრავალი შეკრებები, მათ შორის საზოგადოდ აღსრულებული საღვთისმსახურო რიტუალები ეკლესიის შიდა თუ გარე სივრცეში.
ამ რთული გამოწვევის წინაშე, ჩვენი ეპარქიის სამრევლოებიც მოექცა. დასავლეთ ევროპის ეპარქია მოიცავს ევროპის 6 ქვეყანას : იტალია, საფრანგეთი, შვეიცარია, ესპანეთი, პორტუგალია და მალტა , რომელთა ტერიტორიაზეც ფუნქციონირებს 57 სამრევლო და მოღვაწეობს 12 სასულიერო პირი. აქედან გამომდინარე, ეპარქიის სამრევლო ტაძრებში ან დროებით მოწყობილ სამლოცველოებში წმ. ლიტურგია და სხვა ლიტურგიული მსახურებები ჩატარდება მღვდელმსახურთა მიერ, საზოგადოების (მორწმუნე ერისკაცების) გარეშე.
ეპაქრიაში შემავალი სამრევლოს წევრებს შეეძლებათ თვალი ადევნონ ლიტურგიას და სხვა მსახურებებს სამრევლოების ფეისბუქ გვერდებზე.
მიუხედავად არსებული შეზღუდვებისა, სამრევლოს ტაძრები შაბათ-კვირასა და სადღესასწაული დღეებში ღია იქნება ინდივიდუალური ლოცვისთვის და მრევლს მიეცემა საშუალება ტაძრების მოლოცვის. (თუ კონკრეტულ ქვეყანაში გადაადგილება არ არის შეზღუდული, ან რაიმე სხვა შეზღუდვა არ მოქმედებს.)
ეპარქიიაში მღვდელმსახურები არიან თავიანთ სამრევლოებში და მზად არიან, დახმარება გაუწიონ სამრევლოს წევრებს.
ეპარქიის სამღვდელოების სახელით მოვუწოდებთ სამრევლოების წევრებს, როგორც სასულიერო პირები, ასევე მორწმუნე ერისკაცები ვალდებულები ვართ, დავიცვათ ადგილობრივი ხელისუფლებების დადგენილებები. ქვეყნების მთავრობების მიღებული საგანგებო ზომები ჩვენი და ჩვენს გარშემომყოფთა ჯანმრთელობის დაცვისკენაა მიმართული. სიცოცხლე და ჯანმრთელობა ღვთის საჩუქარია და ჩვენ ვალდებული ვართ დავიცვათ იგი და გავუფრთხილდეთ ერთმანეთის სიცოცხლეს”, – ნათქვამია დასავლეთ ევროპის ეპარქიის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში.
ასევე, მიუნხენის ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარმა, დეკანოზმა თამაზ ლომიძემ მიუნხენის მრევლს აცნობა, რომ ადგილობრივი ხელისუფლების მიერ დაწესებული კომენდანტის გამო, მიუნხენის ეკლესიაში წირვა არ ტარდება.
„ვილოცოთ სახლებში, როგორც ქრისტე გვეუბნება: „როდესაც ლოცულობ, შედი შენს ოთახში, მოიხურე კარი და ილოცე ფარულად შენი მამის მიმართ.“ (მთ. 6,6). ეს მდგომარეობა გაგრძელდება 3 აპრილამდე, შემდეგ ვნახოთ, რა განკარგულებას გამოსცემს ბავარიის ხელისუფლება“, – წერს დეკანოზი თამაზ ლომიძე.
ვიდეომიმართვა გაავრცელა ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსმა საბამ ინწკირველმაც. ეპარქიის საგანგებო გადაწყვეტილებით, ჩრდილოეთ ამერიკის ეპარქიის დაქვემდებარებაში არსებულ სამრევლოებში წირვა-ლოცვა მრევლის გარეშე ჩატარდება.
ბელგიისა და ჰოლანდიის ეპარქიაში, ბელგიის სამეფოს სახელმწიფო უშიშროების საბჭოს რეგულაციების შესაბამისად, საზოგადო რელიგიურ მსახურებებზე შეკრებები 3 აპრილამდე შეჩერებულია.
21 მარტიდან დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის დიოცეზში შემავალ სამრევლო ტაძრებში, ბრიტანეთში მოქმედი სხვა მართლმადიდებელი ადგილობრივი ეკლესიების მსგავსად, საჯარო ღვთისმსახურებები დროებით შეჩერდა. როგორც დმანისისა და აგარაკ-ტაშირის, დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის მთავარეპისკოპოსი ზენონი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე წერს, დიდი მარხვის ტიპიკონით გათვალისწინებული მსახურება მხოლოდ სამრევლო ტაძრების მღვდელმსახურთა მიერ აღესრულება.
შეგახსენებთ, ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში ახალი კორონავირუსით ინფიცირების 395 744 შემთხვევაა დაფიქსირებული. გარდაიცვალა 17 234 ადამიანი. გამოჯანმრთელდა 103 736 პირი.