ფოთის ჰოსპიტალის ბოქსირებულ პალატაში დღეს ახალგაზრდა ქალი მოათავსეს. თერაპევტ ქრისტინა დანელიას განცხადებით, ქალმა გრიპის სიმპტომებით კლინიკას ბოლნისისა და მარნეულის საკარანტინო ზონებად გამოცხადების შემდეგ მიმართა.
ექიმის ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალმა განაცხადა, რომ რამდენიმე დღის წინ შეხება ბოლნისელ მოქალაქესთან ჰქონდა.
„დღეს კლინიკაში მოგვმართა პაციენტმა, რომელმაც აღნიშნა, რომ გუშინდელი დღიდან ჰქონდა ერთეული ხველა და ტემპერატურის მატება, მან ასევე აღნიშნა, რომ 15 რიცხვში შეხება ჰქონდა პიროვნებასთან, რომელიც იყო ბოლნისიდან, ამიტომ მოვიდა ჩვენთან ჯანმრთელობის მდგომარეობის გადასამოწმებლად. რენტგენოლოგიურად დადასტურდა პნევმონია.
შევატყობინეთ ინფექციონისტებს, ეპიდემიოლოგებს, გადაყვანილია ინფექციურ საავდმყოფოში და მიმდინარეობს მასზე დაკვირვება. მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ლუგარის ლაბორატორიიდან პასუხი ხვალ საღამოს გახდება ცნობილი“, – განაცხადა ქრისტინა დანელიამ.
შეგახსენებთ, საქართველოში “კოვიდ-19”-ით ინფიცირების 54 შემთხვევაა დაფიქსირებული. გამოჯანმრთელებულია 8 პირი. 5 გამოჯანმრთელებული საავადმყოფოდან უკვე გაწერილია.
კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო, მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტები 23 მარტიდან მკაცრ საკარანტინო რეჟიმზე გადავიდა.
21 მარტს, მთელი ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით დეკრეტი გამოსცა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 30 იანვარს კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ, 11 მარტს კი, პანდემიად გამოაცხადა.