ქართულ-აფხაზური მოლაპარაკებების, ჟენევის ფორმატის მიღმა აფხაზური მხარე სურვილს გამოთქვამს დაიწყოს მოლაპარაკებები ორ მხარეს შორის სტრატეგიულ საკითხებზე. ინიციატივა ეკუთვნის აფხაზური ოპოზიციის ლიდერს ასლან ბჟანიას, რომელიც ე. წ. საპრეზიდენტო არჩევნებში ერთ-ერთი ფავორიტი კანდიდატია. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული სააგენტო “რია ნოვოსტი” ავრცელებს.
“ქართველები ჩვენი მეზობლები არიან. გვინდა ჩვენ ეს თუ არა, ქართველები არიან ყველაზე ახლოს, რომლებთანაც ჩვენს მოსახლეობას აქვს სერიოზული კონტაქტები. ისინი კეთავენ საზღვარს და არიან იქ. აფხაზი მოქალაქეები სერიოზულ პრობლემებს აწყდებიან და ამიტომ აუცილებელია მოლაპარაკებების დაწყება” – ამბობს ბჟანია.
მისი თქმით, რეკომენდირებულია შეიცვალოს აქამდე არსებული მოლაპარაკებების ფორმატი.
“ადგილი სად იქნება, ჟენევის მსგავსად სადმე საზღვართან ან სხვაგან არვიცი, მაგრამ მოლაპარაკებები პირდაპირ უნდა დაიწყოს საქართველოს მთავრობასთან” – აცხადებს ბჟანია.
შეგახსენებთ, დათვლილი ხმების მიხედვით, ე. წ. არჩევნებზე ბჟანია 56 პროცენტით ლიდერობს. მას უკვე ულოცავენ კიდეც ადგილობრივი ე. წ. ჩინოსნები.