საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, სწრაფი ტესტები, საქართველო ხვალიდან ჩამოვა, ახალი ტიპის კორონავირუსულ ინფექციას ასპროცენტიანი სიზუსტით დაადგენს.
როგორც ტიკარაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, დღეს არსებული ტესტები დავადებას ავლენს მისი არსებობის მერვე დღიდან, აქედან გამომდინარე, მიზანშეწონილი არაა, პაციენტს კვლევა პირველივე დღეს ჩაუტარდეს.
“ის ტესტები, რომლებიც ხვალიდან იქნება საქართველოში, ისინი დაავადების გამოვლენას მოახდენენ პირველივე დღიდან. იქედან გამომდინარე, რომ ჩვენთვის ტესტების ხარისხი იყო მნიშვნელოვანი, მოხდა ტესტების შერჩევა ამერიკელი და კორეელი სპეციალისტების დახმარებით და ის ტესტები, რაც საქართველოში ჩამოვა, მოგვცემს საშუალებას, 100 პროცენტიანი სიზუსტით დავადგინოთ “კოვიდ-19″-ის ინფექცია”- განაცხადა ტიკარაძემ.
ცნობისთვის, ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ საქართველო ხვალიდან სწრაფ ტესტებს მიიღებს და მოსახლეობაზე ტესტირების ჩატარება 25 მარტიდან დაიწყება.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში “კოვიდ-19”-ით ინფიცირების 54 შემთხვევაა დაფიქსირებული. ინფიცირებული 8 პირი უკვე გამოჯანმრთემდა. 5-მა მათგანმა საავადმყოფო უკვე დატოვა, მათგან 2 პირი დღეს გაწერეს.
21 მარტს, მთელი ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით დეკრეტი გამოსცა.