“პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში ამ დროისთვის 79 პაციენტი იმყოფება, გუშინ ლუგარის ცენტრში რამდენიმე სინჯი გაიგზავნა, ყველა უარყოფითი პასუხი მივიღეთ, რაც მკვეთრად სასიხარულოა”, – ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა, ცოტა ხნის წინ განაცხადა.
მისივე თქმით, საუნივერსიტეტო კლინიკაში მყოფი ოთხი დაინფიცირებული პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია.
„ასევე მინდა დავამატო, რომ, ვინაიდან არ ვიცით, რა ბუნება გააჩნია ამ ვირუსს, რომელ ეტაპზე რა შეიძლება, გამოვლინდეს, ჯერჯერობით ვაკვირდებით ამ პაციენტებს. უარყოფითი დინამიკა არ ვლინდება, სუნთქვის უკმარისობის კლინიკა მოხსნილი აქვთ. იმედია, ყველაფერი გაგრძელდება დინამიკაში დადებითად. თავს ვიკავებ თქმისგან, რამდენის ნიმუში გადაიგზავნება, რამდენი მოვა, ამას წყვეტენ ეპიდემიოლოგები. მთავარია, რომ გაგზავნილი ნიმუშები ყველა მოდის უარყოფითი“, – განაცხადა ლევან რატიანმა.
რატიანის განცხადებით, პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა ელოდება ლუგარის ლაბორატორიას ახალი ნიმუშების წასაღებად, გადაწყდება რამდენი გაიგზავნოს და პასუხი დღის მეორე ნახევარში გახდება ცნობილი.
„80 წლის პაციენტის ზოგადი მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია. მოგეხსენებათ, რომ მე-14 დღეს უნდა ჩატარდეს განმეორებითი ტესტი. ჩვენ მივყვებით ყველა პროტოკოლს, რომელიც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ არის მოწოდებული. ვვარაუდობთ, რომ ეს ქალბატონი სავარაუდოდ მე-14 დღის შემდეგ გაეწერება ბინაზე, ვინაიდან ასეთი მკვეთრი დადებითი დინამიკა გააჩნია ამ ეტაპზე“, – განაცხადა ლევან რატიანმა.
შეგახსენებთ, საქართველოში ახალი კორონავირუსის კიდევ სამი შემთხვევა გამოვლინდა – ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ ოფიციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზეა გამოქვეყნებული. ამჟამად ქვეყანაში კორონავირუსით 47 ადამიანია დაინფიცირებული. ქვეყანაში კარანტინის რეჟიმში 1966 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი – 259.