ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“80 წელს გადაცილებული პაციენტის მდგომარეობა მკვეთრად დადებითია” – ლევან რატიანი

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 4 პაციენტი მკურნალობს. როგორც რატიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, პაციენტების მდგომარეობა სტაბილურია.

რაც შეეხება 80 წელს გადაცილებულ ინფიცირებულ პაციენტს, რატიანის თქმით, მისი მდგომარეობა მკვეთრად დადებითია.

„ინფიცირებული 4 პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია. რაც შეეხება კონკრეტულად 80 წელს გადაცილებულ ქალს, ჩატარებული მკურნალობის შემდეგ, გასულია 24 საათი. მისი მდგომარეობა არის დადებითი დინამიკით. სუნთქვის უკმარისობის კლინიკური ხარისხი შემცირებულია. გუნება-განწყობილება აღნიშნულ პაციენტთან დადებითად ფასდება. აქედან გამომდინარე, ამ ეტაპზე შემიძლია გითხრათ, რომ პაციენტის მდგომარეობა მკვეთრად დადებითია“, – უთხრა ჟურნალისტებს რატიანმა.

აღსანიშნავია, რომ “კოვიდ-19”-ით ინფიცირებული კიდევ ერთი 80 წელს გადაცილებული ქალი მკურნალობს თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში. საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების უფროსის, მარინა ენდელაძის განცხადებით,  80 წელს გადაცილებული პაციენტის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

შეგახსენებთ, რომ დღეს “კოვიდ-19”-ით ინფიცირების 3 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. საერთო ჯამში, დაინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 43-მდე გაიზარდა.

43 ინფიცირებულიდან, უკვე გამოჯანმრთელდა 1 პირი, რომელიც 16 მარტს საავადმყოფოდან გაეწერა. 55 წლის მამაკაცი, რომელიც საქართველოში “კოვიდ-19”-ით ინფიცირებული პირველი პაციენტია, საავადმყოფოდან გაწერის შემდეგ, რამდენიმე დღეს თვითიზოლაციაში გაატარებს.

ბოლო მონაცემებით, კარანტინის რეჟიმში მყოფთა რაოდენობა 1925-მდე გაიზარდა.  სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 271 ადამიანი რჩება.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 30 იანვარს კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ, 11 მარტს კი, პანდემიად გამოაცხადა.

 

 

იტვირთბა....