თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, ვინაიდან, არავინ იცის ახალი ინფექციისთვის დამახასიათებელი თვისებები, შეუძლებელია იმის პროგნოზირება, როდის იქნება ეპიდემიის პიკი.
ცერცვაძე აღნიშნავს, რომ არაა გამორიცხული, გრიპის მსგავსად, კორონავირუსის ეპიდემიის დაღმავალი ტალღღაც აპრილიდან დაიწყოს, თუმცა ეს მხოლოდ ვარაუდია.
ცერცვაძე არ გამორივხავს, რომ ახალი ტიპის ვირუსს სხვა თვისებები გამოუვლინდეს და ეპიდემიის პიკი ზაფხულში იყოს.
“არავინ იცის, როდის იქნება ვირუსის გავრცელების პიკი, რადგან ეს არის ახალი ვირუსი და მისი ბუნება როგორია, დამერწმუნეთ, არავინ იცის. არის მხოლოდ ვარაუდები და მსჯელობენ პრეცედენტებით გრიპის ეპიდემიის მიხედვით. გრიპის ეპიდემია მეორე პიკს, პირველი ნოემბერ-დეკემბერში იყო, აღწევს თებერვალ-მარტში და აპრილიდან ის ხდება მილევადი, ანუ იწყება ეპიდემიის დაღმავალი ტალღღა. ექსპერტთა ნაწილს აქვს იმედი და ყველას ასე გვინდა, რომ კორონავირუსის ეპიდემია მოიქცეს ისე, როგორც გრიპის ეპიდემია. თუ ეს მოხდა, ხომ ძალიან კარგი, თუმცა კორონავირუსმა სულ სხვა თვისებები თუ გამოამჟღავნა, ეპიდემია დაღმავალი გზით არ წავიდა, ჩვენ ამისთვისაც მზად უნდა ვიყოთ, შესაძლოა, ეს პიკი იყოს არა მარტში, არამედ ივნისში, ივლისში და ასე შემდეგ“,- აღნიშნა თენგიზ ცერცვაძემ.
კორონავირუსის გამო საქართველოს მთავრობა საგანგებო სიტუაციის გამოცხადებას ამ ეტაპისთვის არ გეგმავს.
რაც შეეხება ინფიცირების მაჩვენებელს, საქართველოში დღეს, კორონავირუსით ინფიცირების 2 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. საბოლოო ჯამში, ქვეყანაში ინფიცირების 40 დადასტურებული შემთხვევაა. მათგან ერთი პაციენტი უკვე გამოჯანმრთელდა და 16 მარტს კლინიკიდან გაწერეს, მაგრამ რამდენიმე დღე თვითიზოლაციაში რჩება.
ამ დროისთვის ინფიცირებული სამი პაციენტის მდგომარეობა პრობლემურია, მათზე ინტენსიური დაკვირვება მიმდინარეობს. ინფიცირებული პაციენტებიდან კი ვირუსული პნევმონია 12 მათგანს აღენიშნება.