დაავადებათა კონტროლისა და ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანაში ვირუსის გავრცელების დღიდან დღემდე ინფიცირების 981 შესაძლო შემთხვევა არსებობდა, მათგან ლაბორატორიულად კი მხოლოდ 40 შემთხვევა დადასტურდა.
ამის შესახებ ამირან გამყრელიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
“30 იანვრიდან მოყოლებული ჩვენთან იყო სულ 981 შესაძლო შემთხვევა, აქედან ლაბორატორიულად მხოლოდ 40 დადასტურდა. შესაძლოს როცა ვლაპარაკობ, ეს არის ჩვენს განსაზღვრებაში. ეს იმას ნიშნავს, რომ ეს გახლდათ შემთხვევები, როდესაც საჭიროებდნენ ჩაღრმავებულ ეპიდემიოლოგიურ და კლინიკურ გამოკვლევებს”,- განაცხადა გამყრელიძემ.
ამასთან, ცენტრის დირექტორის ინფორმაციით, დღეის მონაცემებით, ინფიცირებული პაციენტებიდან ვირუსული პნევმონია 12 მათგანს აღენიშნება.
“ერთი პაციენტი გამოჯანმრთელდა იცით და იმყოფება თვითიზოლაციაში. დარჩენილი 39 პაციენტი მოთავსებულია სხვადასხვა საავადმყოფოში. ამ 39 ადამიანიდან პნევმინია 12 პაციენტს აქვს, და განსაკუთრებით საყურადღებოა სამი ადამიანის მდგომარეობა. მათ შორისაა ორი ხანდაზმული და მათზე ინტენსიური კვლევები მიმდინარეობს”,- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
საქართველოში დღეს ვირუსის ინფიიცირების კიდევ ორი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
საბოლოო ჯამში, ქვეყანაში ინფიცირების 40 დადასტურებული შემთხვევაა. მათგან ერთი პაციენტი უკვე გამოჯანმრთელდა და 16 მარტს კლინიკიდან გაწერეს, მაგრამ რამდენიმე დღე თვითიზოლაციაში რჩება.