თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტებიდან 31 ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობს.
როგორც ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა, 31 პაციენტიდან სამის მდგომარეობა პრობლემურია.
მისივე განმარტებით, პრობლემური სამი პაციენტიდან ერთ-ერთი 80 წელს გადაცილებულია და თანმხლები დაავადება აქვს.
„როგორც ცნობილია, 40 დადასტურებული შემთხვევაა ქვეყანაში, აქედან ჩვენთან 32 პაციენტი. ამ 32-დან ერთი გაწერილია ბინაზე, მაგრამ რაოდენობრივად ითვლება და ამ ეტაპზე, ჩვენთან არის 31 პაციენტი.
31 პაციენტში სამი პაციენტი არის პრობლემური, მათ გარკვეულწილად რისკის შემცველი გარემოებები აქვთ. ერთ-ერთი ასეთი რისკია ის, რომ ერთ პაციენტს, რომლის ასაკი არის 80 წელზე მეტის და მას აქვს თანმხლები დაავადება მძიმე ნევროლოგიური დაავადების სახით. ასეთ შემთხვევაში შეიძლება პაციენტის მდგომარეობა დაგვიმძიმდეს, დაავადების მიმდინარეობის ნებისმიერ პერიოდში და პროგნოზი შეიძლება გახდეს არაკეთილსაიმედო. ამიტომ ვლაპარობთ, რომ ეს პაციენტი პრობლემურია. გარდა ამ ქალბატონისა, ორი პრობლემური პაციენტი გვყავს, ისინიც გარკვეულწილად პრობლემატური არიან, რადგან ერთთან არის ჰიპერტონული დაავადება და ამიტომ, ამ პაციენტთანაც, შესაძლებელია, დაავადების პროგრესირება, გართულება, ნებისმიერ პერიოდში და პროგნოზულად ცუდი გამოსავალი. მესამე მძიმე პაციენტთან ამ ეტაპზე სუბიექტურ-ობიექტური მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, მაგრამ კომპიუტერული ტომოგრაფიით, დინამიურად გაუარესებული გვქონდა მაჩვენებელი. პროგნოზულად, ამ სამ პაციენტთან მდგომარეობა სერიოზულია და დინამიურად სჭირდებათ დაკვირვება”, – უთხრა მედიის წარმომადგენლებს მარიან ეზუგბაიამ.
შეგახსენებთ, საქართველოში დღეს, კორონავირუსით ინფიცირების 2 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
საქართველოში, საერთო ჯამში, ინფიცირების 40 შემთხვევაა დადასტურებული. ინფიცირებულთაგან უკვე გამოჯანმრთელდა 1 პირი, რომელიც 16 მარტს საავადმყოფოდან გაეწერა. 55 წლის მამაკაცი, რომელიც საქართველოში “კოვიდ-19”-ით ინფიცირებული პირველი პაციენტია, საავადმყოფოდან გაწერის შემდეგ, რამდენიმე დღეს თვითიზოლაციაში გაატარებს.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 30 იანვარს კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ, 11 მარტს კი, პანდემიად გამოაცხადა.