aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ახალი პირბადეები ირეცხება და საყოფაცხოვრებო პირობებში შეიძლება მრავალჯერ გამოვიყენოთ” – თურნავა

aviabiletebi
ავიაბილეთები

ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ ის საწარმო დაათვალიერა, სადაც ადგილობრივი პირბადეების წარმოება დღეიდან დაიწყო.

თურნავას ინფორმაციით, საქართველოში პირბადეები შეიკერება 10-მდე სხვადასხვა სამკერვალო ფაბრიკაში, რომლებმაც პროგრამაში მონაწილეობის სურვილი გამოთქვეს.

„საქართველოს პრემიერ მინისტრისა და მთავრობის დავალებით, ეკონომიკის სამინისტროს ორგანიზებით დავიწყეთ პროგრამა, რომელიც გულისხმობს რამდენიმე სამკერვალოში ადგილობრივი პირბადეების შეკერვას. ეს პირბადეები დამზადდება სხვადასხვა მასალისგან, რომელიც შეთანხმებულია დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან და შემოწმებულია ლუგარის ლაბორატორიაში.

პირველ ეტაპზე, ეს იქნება დოლბანდიდან დამზადებული პირბადეები, რომელიც პოლიპროპილენის პირბადეებისგან განსხვავებით, საყოფაცხოვრებო პირობებში შეიძლება მრავალჯერ გამოვიყენოთ. ის ირეცხება და მოჰყვება გამოყენების ინსტრუქცია, რომელიც ასევე მომზადებულია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გაიდლაინებთან. ხოლო უფრო სპეციფიური მოხმარების დროს, მაგალითად, სამედიცინო მუშაკების საქმიანობის დროს, პირბადეები იქნება ერთჯერადი, რადგან იქ საჭიროა უფრო მეტი კონტროლი”,  – განაცხადა ნათია თურნავამ ფოთში, „აჭარა ტექსტილის“ სამკერვალო ფაბრიკაში ვიზიტის დროს.

შეგახსენებთ, საქართველოში დღეს, კორონავირუსით ინფიცირების 2 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

საერთო ჯამში, ინფიცირების 40 შემთხვევაა დადასტურებული. ინფიცირებულთაგან უკვე გამოჯანმრთელდა 1 პირი, რომელიც 16 მარტს საავადმყოფოდან გაეწერა. 55 წლის მამაკაცი, რომელიც საქართველოში “კოვიდ-19”-ით ინფიცირებული პირველი პაციენტია, საავადმყოფოდან გაწერის შემდეგ, რამდენიმე დღეს თვითიზოლაციაში გაატარებს.

ამ დროისთვის, კარანტინის რეჟიმში 1592 პირი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი, 262 ადამიანი რჩება.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 30 იანვარს კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ, 11 მარტს კი, პანდემიად გამოაცხადა.

 

 

იტვირთბა....