დღეს პარლამენტის პლენარულ სხდომა გაიმართება, სადაც დეპუტატები საკანონმდებლო ორგანოს მუშაობის დისტანციურად წარმართვასთან დაკავშირებით რეგლამენტში ცვლილებების შესახებ იმსჯელებენ.
საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, გურამ მაჭარაშვილის ინფორმაციით, ცვლილებების მიხედვით, პრეზიდენტის მიერ საომარი ან საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებისას საქართველოს პარლამენტს საკანონმდებლო საქმიანობის დისტანციურად წარმართვის შესაძლებლობა ექნება.
მაჭარაშვილის განცხადებით, ეს ცვლილება ნიშნავს, რომ უწყებამ საქმიანობა შესაძლოა, სათანადო ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენებით წარმართოს.
„დაინიცირებული არის ახალი საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტის საქმიანობის დისტანციურად წარმართვასთან დაკავშირებით. იცით, რომ ასეთი პრეცედენტი ჯერ არ არსებობს მსოფლიოში, თუმცა გვინდა, რეგლამენტის თეორიულ ნაწილში ჩანაწერი გაჩნდეს, რომ შემდგომ აიტი ტექნოლოგებმა და შესაბამისმა სამსახურებმა დაიწყონ მუშაობა ამ პროგრამასთან დაკავშირებით. ეს ემსახურება იმას, რომ ზოგადად საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ჰქონდეს დისკრეცია, ობიექტური გარემოების არსებობისას თუ დადგება საჭიროება, ჰქონდეს საშუალება, მთლიანად საპარლამენტო საქმიანობა დისტანციურ რეჟიმზე გადაიყვანოს და ვიდეოჩართვების ან სხვა ტექნიკური საშუალებებით მოხდეს საპარლამენტო საქმიანობა”, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.