ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში საკარანტინო ზონიდან ერთი მამაკაცი გადაიყვანეს

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში განცხადებას ავრცელებენ და ამბობენ, რომ ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში საეჭვო სიმპტომებით კიდევ ერთი მამაკაცი მოათავსეს, რომელიც ბოქსირებულ განყოფილებაში საკარანტინო ზონიდან შეიყვანეს და სხვა პირებთან კონტაქტი არ ჰქონია.

მათივე ცნობით, პაციენტის ტესტის პასუხი, აქვს თუ არა მას კორონავირუსი, ხვალ გახდება ცნობილი.

ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში, ბოლო მონაცემებით, ორი პაციენტია მოთავსებული. ბოქსირებულ განყოფილებაში რჩება ის პაციენტი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა. აჭარის ჯანდაცვის მინისტრის, ზაალ მიქელაძის განცხადებით, მას მაღალი ტემპერატურა აღარ აქვს.

„ინფექციურში ამ დროისთვის ორი მოქალაქე იმყოფება, ერთი დადასტურებული კორონავირუსით და მეორე საეჭვო შემთხვევა, რომელიც გადაყვანილია საკარანტინო ზონიდან. აღებულია ანალიზი და ველოდებით პასუხს. ის საკარანტინო ზონიდანაა შემოყვანილი და არავისთან შეხება არ ჰქონდა.

რაც შეეხება ინფიცირებულ პაციენტს, მინიმალური სიმპტომებით, სტაბილურად აგრძელებს მკურნალობას. მას თავდაპირველად ჰქონდა ტემპერატურული რეაქცია 37,3, დღეს ეს ტემპერატურაც არ აქვს. მიღებული პროტოკოლის შედეგად, დარჩება კლინიკაში.

მოქალაქეებისთვის განვმარტავ, რომ ეს არ არის განაჩენი. მოქალაქეებმა, საზოგადოებამ მისმა ახლობლებმა უნდა იცოდნენ, რომ ეს არ არის განაჩენი, მსუბუქი ფორმით მიმდინარეობს და დასრულდება წარმატებით.

კარანტინში გვყავს 200-ზე მეტი მოქალაქე, კარანტინში იმყოფებიან ევროპის ერთი ქვეყნიდან ერთდროულად ჩამოყვანილები, ისინი არ არიან აჭარის მკვიდრნი. 100-მდე გვყავს თვითიზოლაციაში“, – განაცხადა ზაალ მიქელაძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში ბოლო მონაცემებით, ინფიცირებულთა რიცხვი კვლავ 33-ია. სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 64 პაციენტი რჩება. ხოლო კარანტინში 1008 ადამიანია მოთავსებული.

იტვირთბა....