საქართველოში 18 მარტს „სექტორ 3”-ის ორგანიზებით და მოხალისეთა ჯგუფის ინიციატივით “მადლიერების ტაშის” აქცია გაიმართება. ინფორმაციას “ინტერპრესნიუსი” აქციის ორგანიზატორებზე დაყრდნობით ავრცელებს.
იმ ექიმების მხარდასაჭერად, რომლებიც დაუღალავად შრომობენ ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებაზე, ერთსა და იმავე დროს საქართველოს მოსახლეობა ქვეყნის მასშტაბით საკუთარი აივნებიდან ტაშს დაუკრავენ და ასე გაამხნევებენ მათ.
„ეს არის მადლიერების აქცია, რომელიც მიზნად ისახავს, ერთი მხრივ, ექიმებისა და სამედიცინო პერსონალის მხარდაჭერას, მათი შრომის მნიშვნელობის აღირებას, მეორე მხრივ, კი აერთიანებს მოქალაქეებს საერთო გამოწვევასთან ბრძოლის გარშემო, სახლიდან გაუსვლელად, ყველა წესის დაცვით. ექიმების მიმართ მადლიერების გამოხატვის მსგავს ფორმას უკვე მიმართეს ევროპის ქვეყნებში, მათ შორის იტალიასა და ესპანეთში. საქართველოს მოქალაქეები ამ მიზნით 18 მარტს, 21 საათზე გაერთიანდებიან“,- აცხადებენ აქციის ორგანიზატორები.