პირველი რიგის გადაცემა არის მაშინ, როდესაც ქართველი მოქალაქე ინფიცირდება უცხოეთში, ან უცხოეთიდან ჩამოსული სტუმარი მას აინფიცირებს, – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა.
“მეორე რიგია, როდესაც ეს უცხოელისგან დაინფიცირებული მოქალაქე, გადასცემს უკვე ქართველს. მესამე რიგია, როდესაც აი ეს თავად დაინფიცირებული, ისევ საქართველოს მოქალაქე აინფიცირებს სხვას” – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.
მისი ინფორმაციით, მეოთხე რიგის ინფიცირება დრამატული იმის გამოა, რომ ამ შემთხვევაში ინფიცირების წყაროს შესახებ ინფორმაცია არ აქვს თავად ინფიცირებულს და ამ დროს იწყება ინფექციის უკონტროლო გავრცელება.
“მეოთხე რიგი ნიშნავს, როდესაც ის მესამე დაინფიცირებული მეოთხეს აინფიცირებს. რატომ არის ესეთი დრამატული განსხვავება პირველ სამსა და მეოთხეს შორის? იმიტომ, რომ იგულისხმება, ყოველთვის ასე არაა, მაგრამ პირველი სამი რიგის დროს, ჩვენ ვიცით ვისგან დავინფიცირდით. მკაფიოდ ვიცით ყველა კონტაქტი და შესაბამისად ყველა საშუალება გვაქვს ეს კონტაქტები გამოვიკვლიოთ და მისი ნეიტრალიზება მოვახდინოთ. ინფექციის არაკონტროლირებადი გავრცელების რისკი ძალიან ნაკლებია. ხოლო მეოთხე რიგის შემთხვევაში, შესაძლოა პიროვნება დაინფიცირდეს, მიმართოს სამედიცინო დაწესებულებას და აღმოაჩნდეს კორონავირუსი ისე რომ მან არ იცოდეს კონკრეტულად ვისგან დაინფიცირდა” – განაცხადა ცერცვაძემ.
თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, მეოთხეული გადაცემა საქართველოში ჯერ არ ყოფილა.
“დღესაც გვქონდა ექსპერტების ჯგუფს შეხვედრა და გამოითქვა აზრი, რომ საქართველოში მეოთხეული გადაცემის პირველი შემთხვევა გვქონდა, მაგრამ მე წინააღმდეგი წავედი და უმრავლესობამ მხარი დამიჭირა. მეოთხეული გადაცემა საქართველოში ჯერ არ გვქონია, რამდენადაც იმ ბოლომ მაინც იცოდა ვისგან დაინფიცირდა. ასე რომ მეოთხეული გადაცემა მინდა თამამად განვაცხადო ჯერ არ ყოფილა” – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.
ცერცვაძის თქმით, მეოთხეული გადაცემები ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების საჭიროებას შექმნის.