ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

მთავრობამ კორონავირუსის გავრცელების საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში რამდენიმე ახალი გადაწყვეტილება მიიღო

საქართველოში კორონავირუსის გავრცელების საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში, დღეს გამართულ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მორიგ სხდომაზე ახალი გადაწყვეტილებები მიიღეს.

მთავრობის გადაწყვეტილებით, 18 მარტიდან, ორი კვირით იკრძალება საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე შემოსვლა უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის.

ასევე, დროებით იკეტება საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტები.

საკოორდინაციო საბჭოზე მიიღეს გადაწყვეტილება, რომ კაფეებს, რესტორნებსა და ბარებს ეძლევათ რეკომენდაცია, დროებით შეიზღუდოს მოქალაქეების უშუალო მომსახურება და იმოქმედოს მხოლოდ ე.წ გატანის სერვისებმა.

ამასთან, მთავრობის ადმინისტრაციაში იქმნება უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებების შესრულების მონიტორინგის მექანიზმი.

გარდა ამისა, 70 წელს გადაცილებულ მოქალაქეებს მიეცათ რეკომენდაცია, მაქსიმალურად მოერიდონ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებს და შეძლებისდაგვარად იმყოფებოდნენ იზოლაციაში, რათა თავიდან იყოს აცილებული პოტენციური საფრთხე მათი ჯანმრთელობისთვის.

როგორც პრემიერის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში არის ნათქვამი, მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ არსებობს კრიტიკულად მნიშვნელოვანი ოთხი განზომილება, რომლის ეფექტიანი მართვაც საბოლოო ჯამში არსებულ გამოწვევასთან გამკლავებაზე აისახება. ესენია – ჯანდაცვა, ეკონომიკა; ლოგისტიკა და მარაგების მართვა, საზოგადოებრივი წესრიგი. თითოეულ მიმართულებაზე პასუხისმგებელია შესაბამისი პროფილის მინისტრი.

 

იტვირთბა....