ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“კარფური” – არ არსებობს სასურსათო პროდუქტების დეფიციტის ან ფასების ზრდის საფრთხე

“მივმართავთ ჩვენს მომხმარებლებს და მოვუწოდებთ, ნუ აყვებიან აჟიოტაჟს, ვინაიდან არ არსებობს სასურსათო პროდუქტების დეფიციტის ან ფასების ზრდის არავითარი საფრთხე. ცალკეულ პროდუქციაზე მომხმარებლების გაზრდილი მოთხოვნიდან გამომდინარე თაროებზე არსებული დანაკლისი ივსება მაქსიმალურად შესაძლებელ მოკლე დროში”, – ამის შესახებ კომპანია „კარფურის“ განცხადებაშია აღნიშნული.

“კარფურის” ინფორმაციით, სავაჭრო ქსელში არის რამდენიმე თვის საკმაოდ დიდი მარაგი, როგორც ადგილობრივი სადრისტრიბუციო კომპანიებიდან, ასევე იმპორტირებული.

„გამომდინარე აქედან მომხმარებლებს მომატებული მოთხოვნის არავითარი საფუძველი არ აქვთ. აქვე გვინდა, აღვნიშნოთ, რომ კარფურის ყველა ფილიალი განაგრძობს ოპერირებას, დატვირთულ მაგრამ ჩვეულ სტაბილურ რეჟიმში.

ამასთანავე, გვსურს, აღვნიშნოთ, რომ კომპანია „კარფურისთვის“ თანამშრომლებისა და მომხმარებლების უსაფრთხოება არის მთავარი პრიორიტეტი. ჩვენ ვახორციელებთ სხვადასხვა პრევენციულ ღონისძიებას სურსათის უვნებლობის დასაცავად და რისკების პრევენციისათვის. ყოველდღიურად ხდება მაღაზიის წმენდა-დეზინფექცია სურსათის უვნებლობის მოთხოვნების გათვალისწინებით. ასევე ვითვალისწინებთ სახელმწიფოს და საერთაშორისო ორგანიზაციების ყველა მითითებას. მაღაზიასა თუ სათაო ოფისში შესვლამდე ყველა თანამშრომელი გადის ტემპერატურის სავალდებულო კონტროლს. კომპანიის შინაგანაწესის თანახმად მოგზაურობიდან ჩამოსული ყველა თანამშრომელი სამსახურში დაბრუნებამდე გადის სავალდებულო ორკვირიან საკარანტინო პერიოდს. რეგულარულად ხდება ურიკების, კალათების და ყველა ზედაპირის დეზინფექცია. ჩვენ ყოველდღიურად ვიღებთ დამატებით ზომებს, იმისთვის რომ უზრუნველვყოთ ჰიგიენური და უვნებელი გარემო, როგორც ჩვენი თანამშრომლებისთვის ასევე ჩვენი მომხმარებლებისთვის.

აქვე გვინდა, ვისარგებლოთ შემთხვევით და დიდი მადლობა გადავუხადოთ კომპანიის თითოეულ თანამშრომელს ერთგულებისა და თავდაუზოგავი შრომისთვის.

ვმუშაობთ რომ უწყვეტად უზრუნველვყოთ პროდუქციის მოწოდება თითოეული თქვენგანისთვის“, – აღნიშნულია “კარფურის” განცხადებაში.

იტვირთბა....