ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ხშირ შემთხვევაში, ლარის კურსის გარკვეული ცვალებადობა პანიკის და ნეგატიური მოლოდინების შედეგია” – თურნავა

ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ სასურსათო მაღაზიათა ქსელების ხელმძღვანელებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განცხადება გაავრცელა. მისი თქმით, ხშირ შემთხვევაში, ლარის კურსის გარკვეული ცვალებადობა პანიკის და ნეგატიური მოლოდინების შედეგია ხოლმე.

როგორც თურნავა აცხადებს, ქვეყანაში პანიკის საფუძველი არ არსებობს და სამომხმარებლო აჟიოტაჟიც უსაფუძვლოა.

„ხშირ შემთხვევაში, ლარის კურსის გარკვეული ცვალებადობა პანიკის და ნეგატიური მოლოდინების შედეგია ხოლმე. პანიკის საფუძველი არ არსებობს, სამომხმარებლო აჟიოტაჟიც უსაფუძვლოა. მარაგები ჩვენს სავაჭრო ქსელებში საჭიროზე საკმარისია და ფასებიც ჯერჯერობით სტაბილურია. აქედან გამომდინარე, ამ კუთხითაც მხოლოდ პოზიტიური მოლოდინები უნდა გვქონდეს იმიტომ, რომ ჩვენ სრულად სიტუაციას ვმართავთ და სავაჭრო ქსელებში არანაირი დეფიციტი არ შეიქმნება.

რაც შეეხება ეროვნულ ვალუტას, იმ ფაქტმა, რომ ტურიზმი, პრაქტიკულად, მთელ მსოფლიოში შეწყდა და ბევრმა ქვეყანამ თავის ბაზარი ჩაკეტა, გარკვეული ნეგატიური მოლოდინები გააჩინა, თუმცა ხედავთ, რომ ეკონომიკური გუნდი, მთავრობა ძალიან დროულად რეაგირებს. სადაც ვხედავთ, რომ ბიზნესს უჭირს, პრევენციულ ნაბიჯებს ვდგამთ. გუშინაც მართლაც უპრეცედენტო მხარდაჭერის ზომები გამოვაცხადეთ, რათა ბიზნესმაც ღირსეულად გადაიტანოს ეს დროებითი გამოწვევა. ჩვენი ეკონომიკა ძალიან ჯანსაღი დახვდა ამ გამოწვევას, იცით, რომ წინა წელს საკმაოდ მაღალი ეკონომიკური ზრდის წელი გვქონდა, ასევე მიმდინარე წლის იანვარშიც კი, როდესაც კორონავირუსი რიგ ქვეყნებში უკვე მძვინვარებდა, ჩვენ მაინც პოზიტიური დინამიკა გვქონდა. ყოველივე ამის გათვალისწინებით, დარწმუნებული ვართ, რომ ჩვენი ეკონომიკა ძალიან სწრაფად გადალახავს პრობლემებს და შეძლებისდაგვარად, შერბილებული იქნება ნეგატიური ზემოქმედება,“ – განაცხადა თურნავამ.

იტვირთბა....