ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“მასობრივი ტესტირება შეიძლება დამღუპველი გამოდგეს სამედიცინო ლოჯისტიკისათვის… განმეორდება იტალია” – ზურაბ გურული

“მაქსიმალურად უნდა შევეცადოთ, თავიდან ავიცილოთ კლინიკების დატვირთვა და მხოლოდ მძიმედ მყოფი პაციენტები უნდა იქნან გადაყვანილი, რადგან გადატვირთული კლინიკა არის ვირუსის გავრცელების ერთ-ერთი გზა და თუ ეს თავიდან ვერ ავიცილეთ, “იტალია” განმეორდება” – ამის შესახებ, ქართველი ემიგრანტი ექიმი, ზურაბ გურული სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

მისი თქმით, ერთგვარად პარადოქსულია, მაგრამ მასობრივი ტესტირება შეიძლება დამღუპველი გამოდგეს სამედიცინო ლოჯისტიკისათვის.

“ერთ რამეში უკვე შეთანხმდნენ გამოცდილი პროფესიონალები, მთავარი ამოცანაა, რომ კლინიკების მაქსიმალური დატვირთვა ავიცილოთ თავიდან. ამის გაკეთება კი შესაძლებელია იმით, რომ მხოლოდ მძიმე პაციენტების მიღება მოხდეს სამკურნალოდ.
ერთგვარად პარადოქსულია, მაგრამ მასობრივი ტესტირება შეიძლება დამღუპველი გამოდგეს სამედიცინო ლოჯისტიკისათვის. თუ ყველა პოზიტიურტესტიანი კლინიკაში წავა, დაავადების მიმდინარეობის ხარისხის მიუხედავად, განმეორდება “იტალია”. და მერე ადგილი აღარ დარჩება მართლა მძიმე შემთხვევებისათვის. ამიტომ, რაოდენ უცნაურადაც არ უნდა ჟღერდეს, ტესტების ნაკლებობა და უბრალოდ, დაინფიცირებულთა სრული რაოდენობის არცოდნა ერთგვარად დადებითი მოვლენაცაა. ამერიკა ამ მიმართულებით მუშაობს.
ჩინური ლოჯისტიკური გამოცდილების გაზიარება დაღუპავს დანარჩენ მსოფლიოს, რადგან ჩინური სპეციფიკა მხოლოდ ჩინეთშია გამოსადეგი. მხოლოდ ჩინელებს შეუძლიათ აწარმოონ მილიონობით იაფფასიანი სატესტე მასალა, 3-4 დღეში ააშენონ ათასსაწოლიანი კლინიკები და იარაღის მუქარით დააკარანტინონ მრავალმილიონიანი მასები.
ერთი კი ფაქტია, იზოლაცია და კარანტინი ეფექტური საშუალებებია პრევენციისათვის.
საქართველოს ამოცანაც ეს არის, რომ კასკადური გადაფარვის სისტემა შექმნას, ანუ, ყველა კლინიკა ერთბაშად არ ჩართოს მოქმედებაში. ეს ფსიქოლოგიურადაც ფიტავს პერსონალსაც და სხვა რესურსებსაც ფანტავს. გარდა ამისა, უნდა გვქონდეს უსაფრთხო ოაზის-ტერიტორიებიც. ჩინეთს ჰქონდა ამის ფუფუნება. იტალიის კრიზისი აფეთქდა მაშინ, როცა ჩრდილოეთიდან გაქცეული მოსახლეობა სამხრეთს შეესია.
ამიტომ არ უნდა მოვედოთ მთელ საქართველოს.
ძვირფასო მედიავ, ნუ ინადირებთ სენსაციებზე და ნუ დაამახინჯებთ პროფესიონალთა მესიჯებს. რამდენიმე ჩემი ჩართვა ისე იყო დაჩეხილი, მე ვაგინებდი საკუთარ თავს იმ შინაარსის გამო, არათუ უცნობი ადამიანი. ნუ გააკეთებთ ამას იაფფასიანი პოლიტიკური ტრიუკებისთვისაც. ამით განხეთქილება შემოგაქვთ ისედაც გაღიზიანებულ-დაძაბულ ექიმებში და პანიკას იწვევთ.
თითოეული მოქალაქის მოვალეობაა რომ გავუფრთხილდეთ ერთმანეთს, პატივი ვცეთ ერთმანეთის უსაფრთხოებას. ყველას გვამოძრავებს ერთადერთი იმპულსი, გვინდა რომ გადავრჩეთ. ჰოდა მოვინდომოთ.
ვერცერთი სექტორი ვერ გაართმევს ამ გამოწვევას თავს, თუ საზოგადოება არ შეიკრა ერთ გუნდად. ჩვენ ეს შეგვიძლია.
ჰოდა გავაკეთოთ!” – წერს ზურაბ გურული.

შეგახსენებთ, რომ დღეს, საქართველოში კორონავირუსის კიდევ ხუთი შემთხვევა დადასტურდა. ჯამში დაინფიცირებულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ, 11 მარტს COVID-19, რომელმაც გავრცელება სულ რაღაც 3 თვის წინ დაიწყო, ოფიციალურად საერთაშორისო პანდემიად გამოაცხადა.

იტვირთბა....